ირაკლი სესიაშვილი: კვიციანი კვოტირებაში ვერ ერკვევა
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირაკლი აბესაძის დანიშვნასთან დაკავშირებით „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის ემზარ კვიციანის კრიტიკას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კვიციანი კვოტირებაში ვერ ერკვევა.
როგორც სესიაშვილმა განმარტა, „კვოტირება ნიშნავს, რომ კომიტეტის ნებისმიერი თავმჯდომარის ერთი მოადგილის ადგილი ეკუთვნის ოპოზიციას.
„კვოტირება ნიშნავს, რომ კომიტეტის ნებისმიერი თავმჯდომარის ერთი მოადგილის ადგილი ეკუთვნის ოპოზიციას. რეგლამენტის მიხედვით, კენჭი ვუყარეთ იმ კანდიდატურას, რომელმაც წინა კენჭისყრაზე უფრო მეტი ხმა მიიღო. „ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა არა „ნაციონალურ მოძრაობას,“ არამედ იმ დემოკრატიულ პრინციპს, რომელიც აღნიშნავს, რომ უმცირესობას ეკუთვნის კვოტა. ყველა დანარჩენის მოსაზრება ამ თემაზე არის სპეკულაცია და ამ ყველაფრისთვის ზედმეტი პოლიტიკური კუდების გამობმა ნამდვილად არ არის საჭირო“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა ემზარ კვიციანის მისამართით.
გარდა ამისა, სესიაშვილის მოადგილედ აბესაძის დანიშვნის გაპროტესტებისას კვიციანმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ამიერიდან ერთი ძალაა, რაზეც სესიაშვილმა უპასუხა, რომ „ამას ვერავინ დაიჯერებს“.
ცნობისთვის: პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი აბესაძე აირჩიეს.