რას აცხადებს მოხეს სკოლის დირექტორი, რომელსაც მოსწავლეები ჰიჯაბის გამო უპირისპირდებიან

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეს საჯარო სკოლის მოსწავლეების ნაწილი ამავე სკოლის დირექტორის გადადგომას ითხოვს.
მოსწავლეები აცხადებენ, რომ დირექტორ ნათია რეხვიაშვილის მხრიდან რელიგიურ დისკრიმინაციას ჰქონდა ადგილი, რადგან მან მე-12 კლასის მოსწავლეს თეონა ბერიძეს თავსაბურავის ტარების გამო შენიშვნა მისცა.
დღეს პროტესტის ნიშნად სასწავლო პროცესს 50-მდე მოსწავლე არ დაესწრო.
“კვირას“ ინფორმაციით, სკოლის მოსწავლე მუსლიმი გოგონების ნაწილი, რომლებიც აქამდე ჰიჯაბის გარეშე დადიოდნენ სკოლაში, ახლა თავსაბურავით დადიან.
სკოლის დირექტორი ნათია რეხვიაშვილი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მას მოსწავლის უფლება არ დაურღვევია.
სკოლის დირექტორის თქმით, აღნიშნული აჟიოტაჟის უკან “გარკვეული ძალები“ დგანან.
ნათია რეხვიაშვილი არ გამორიცხავს, რომ ეს ყველაფერი სოფლის სადაო კლუბთან დაკავშირებული ძალების მიერ იყოს მართული.
„არავის უფლება არ დარღვეულა და არც არასოდეს დაირღვევა. ეგ სიტყვა (ჰიჯაბი) საერთოდ არ ვიცი. ცრუ ინფორმაციები ვრცელდება, რომელიც პროვოცირებულია გარეშე ძალებისგან და აუცილებლად გაირკვევა ვინ არიან ეს გარეშე ძალები და ყველაფერს ფარდა აეხდება. ეს ალბათ უკავშირდება სამლოცველოს თემას, ყველაფერი აქედან მოდის. როდესაც დღეს ვუთხარი თეონას, რომ გაეხსნებინა კონკრეტულად რა და როგორ ვუთხარი, დაიბნა და ვერეფერი თქვა, იმიტომ, რომ არფერი  მითქვამს ისეთი, რაც მას შეურაცხყოფდა. ის 11 წლის განმავლობაში სწავლობდა მოხეს სკოლაში, შემდეგ სხვა სკოლაში გადავიდა, ახლა კი კვლავ ჩვენს სკოლაში დაბრუნდა და მეც ჩვეულებრივად მივიღე, რა უფლება მქონდა რომ არ მიმეღო?! მაგას როგორ ვიკადრებდი?! ადრე არ ვიცი ატარებდა თუ არა თავსაბურავს, თუმცა, დედამისი ამბობს, რომ გოგონამ თავისი სურვილით გადაწყვიტა თავსაფრის ტარება. დაახლოებით 50 მოსწავლე არ დაესწრო დღეს გაკვეთილებს, კლასის ხელმძღვანელი შეხვდა მათ, სთხოვა გაკვეთილებზე დასწრება, იმედია ხვალიდან ყველაფერი დალაგდება“, – აცხადებს რეხვიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები