200 დევნილი ოჯახი ახალ წელს ახალ ბინაში შეხვდება

დევნილთა და განსახლების სამინისტრომ თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში 400 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადასცა.
დღეს, დადიანის ქუჩაზე 200 დევნილ ოჯახს ახალი ბინის გასაღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გადასცეს.
თბილისის ზღვაზე, ეგრეთ წოდებულ „ოლიმპიურ სოფელში“ არსებული 200 ბინის გასაღებს კი დევნილი ოჯახები 2017 წლის იანვარში მიიღებენ.
დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, 200 დევნილი ოჯახი ახალ წელს ახალ ბინაში შეხვდება.
„400 დევნილ ოჯახზე გავანაწილეთ ბინები ერთი კვირის წინ. ამ 400 ბინიდან 200 არის თბილისის ზღვაზე, 200 ოჯახს კი თბილისის ცენტრში, დადიანის ქუჩაზე გადავცემთ ბინებს. თუ ვის სად და რომელ სართულზე შეხვდებოდა ბინა, კენჭისყრის პროცედურის დროს, თავად დევნილებმა აირჩიეს. ერთადერთი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის პირველი სართულები იყო განკუთვნილი და კორპუსს აქვს ადაპტირებული შესასვლელი. 200 ოჯახი დღეს იზეიმებს ახალმოსახლეობას და შესაძლებლობა ექნებათ, რომ ახალ წელს ახალ ბინებში შეხვდნენ. რაც შეეხება დარჩენილ 200 ოჯახს, ვინც თბილისის ზღვაზე მიიღებს ბინებს, სავარაუდოდ მოვასწრებთ, რომ ძველით ახალ წელს ისინიც საკუთარ სახლებში შეხვდნენ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
დადიანის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსებში არსებული 200 ბინიდან, 148- ერთოთახიანი, 27- ოროთახიანი და 25- სამოთახიანი.
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე, თბილისში 12 ნგრევადი შენობა დაიხურა და იქ მცხოვრებ ოჯახებს ბინები ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცათ. სულ, ჯამში, თბილისში, უკვე 29 ნგრევადი ობიექტია დახურული.
2012 წლიდან დღემდე, თბილისში საცხოვრებელი ფართით 1800-მდე დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები