2017 წლის მოდის ტენდენციები და დიზაინერის რჩევები – რა უნდა ჩავიცვათ ახალი წლის ღამეს

2017 წლის მოდის ტენდენციებზე ცნობილი დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე საუბრობს. როგორც დიზაინერი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბარში აღნიშნავს, 2017 წელი მრავალფეროვნებით გამოირჩევა.
„მოდაშია თავისუფალი სტილის, სპორტული და პრაქტიკული ტანსაცმელი. თუმცა, ქალბატონებს არ უნდა დაავიწყდეთ საკუთარი სქესი და ამ უფორმო მოდელებსა და დაკარგულ სილუეტში არ უნდა დაავიწყდეთ საკუთარი სტილის შენარჩუნება. 2017 გაზაფხულ-ზაფხულში მოდაშია თავისუფალი სტილის კაბები, „ზბორებით“ წვრილყვავილებიანი და წვრილპრინტიანი ქსოვილები. ასეთი მოდელის კაბები ორიგინალურია სპორტულ ფეხსაცმელთან და დაბალძირიან ქოშებთან ერთად. მასიური აქსესუარები ნელ-ნელა ისტორია ბარდება და წარსულში რჩება. ახალი წლის ღამეს შეიძლება ჩაიცვათ, ჭრელა-ჭრულა ქსოვილისგან დამზადებული ტანსაცმელი, რაც მამალს უკავშირდება. ასევე უნდა გაიკეთოთ ჭრელა-ჭრულა აქსესუარები და სუფრასთანაც ისევე დაჯდეთ, როგორც მამალს მოაქვს თავი. მთელი წელი ასე გაბდღვრიალებულ სიარულს არ გირჩევთ. ეს ყველაფერი კარგია საკუთარი თავის გასახალისებლად. ასე რომ სრული თავისუფლება გაქვთ. ახალ წელს, როგორც გინდათ, ისე აჭრელდით, ისე იზეიმეთ, როგორც თქვენი სურვილია, ეს ზეიმი ყველასია და თავი არ შეიზღუდოთ“ – ამბობს ავთანდილ ცქვიტინიძე.
დიზაინერი ინტერვიუში ყურადღებას ფეხსაცმელზე და ქალის სხვადასხვა აქესესუარებზეც ამახვილებს და ამბობს:
„მოდაშია სპორტული და პრაქტიკული ფეხსაცმელი, მაგრამ კლასიკური ფეხსაცმელი მოდიდან არასოდეს გადადის. გარდა ამისა, მოდაშია 80-იანი წლების, ნაზ ფერებში წარმოდგენილი დიდი სათვალეები. თუმცა, მიმაჩნია, რომ სათვალე ინდივიდუალურია, რა ფორმისაც გიხდებათ, ისეთი უნდა ატაროთ,“ – ამბობს დიზაინერი.
ავთო ცქვიტინიძე 2017 წლის მოდის ტენდენციებში მამაკაცების ჩაცმულობასაც უსვამს ხაზს, თუმცა აღნიშნავს, რომ ქართველი მამაკაცები მოდას არ მისდევენ. მისი თქმით, ქართველ მამაკაცებს ინდივიდუალური ჩაცმის სტილი აქვთ.
„ძალიან კარგია, რომ ქართველი მამაკაცები სავარჯიშოდ დადიან, ცხოვრების ასეთი სტილი ამსხვრევს სტერეოტიპს, რომ კაცებს მხოლოდ ღვინო და სუფრა იტაცებს და არ აინტერსებთ საკუთარი გარეგნობა. საბედნიეროდ წამოვიდა გემოვნებიანი და კარგი ახალგაზრდობა, რაც უნდა უნდა ჩაიცვან, მაინც კარგად გამოიყურებიან. ყველაზე მნიშვნელოვანია, მამაკაცმა არ დაივიწყოს თავისი ფუნქცია – იყოს მამაკაცური“. – ამბობს ავთანდილ ცქვიტინიძე. რაც შეეხება ჯინსებს, დიზაინერი ამბობს, რომ ჯინსები მოდიდან არასდროს გადადის, მხოლოდ ფორმები იცვლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები