თემურ ჭყონია საქართველოში მარიხუანას ლეგალიზაციას ითხოვს

ბიზნესმენი თემურ ჭყონია მიიჩნევს, რომ საქართველოში მარიხუანას ლეგალიზაცია აუცილებლად უნდა მოხდეს.
“მარიხუანას ლეგალიზაციაზე ბევრს საუბრობენ, ამ საკითხს უამრავი მოწინააღმდეგე და მომხრე ჰყავს, ჩემი აზრით, საქართველოში მარიხუანას ლეგალიზება შესაძლებელია და ეს აუცილებლად უნდა მოხდეს. ეს არის ეკონომიკის გამაჯანსაღებელი და ტურიზმის მოსაზიდი ძალიან დიდი ჯოკერი ჩვენთვის,” – ამბობს თემურ ჭყონია BPI-თან საუბრისას.
ბიზნესმენი ამავდროულად აღნიშნავს, რომ ლეგალიზაცია აუცილებელია, თუმცა ის კონკრეტულ ჩარჩოებში უნდა მოექცეს.
“ეს საკითხი რეგულაციებში უნდა მოექცეს, მე ამის კონკრეტული ცოდნა არ მაქვს, მაგრამ ამის უამრავი მაგალითია მსოფლიოში, მაგალითად, ჰოლანდია, კალიფორნია, სადაც ლეგალიზაებულია მარიხუანა, მაგრამ ამის გამო იქ საშინელება არაფერი ხდება. ტურიზმისთვის ეს საკითხი მნიშვნელოვანია და თუ მისი ლეგალიზაცია მოხდა, ტურისტისთვის თვითმფრინავიც აღარ იქნება საჭირო, ფეხით ჩამოვლენ საქართველოში. ორი არჩევანის წინაშეა მთავრობა ან მარიხუანას ლეგალიზება უნდა გააკეთოს, ან ფრენების “კონექშანი” უნდა მოიძიოს, სხვა მხრივ ტურიზმის განვითარება რთულია, რადგან თბილისიდან ბათუმში ფრენა არ არის, ევროპის ვერცერთი ქვეყნიდან ვერ ჩახვალ, ბათუმში ათვისებულია მხოლოდ ბათუმი-კიევის მიმართულება”, – განაცხადა ჭყონიამ.
მისივე თქმით, როცა ტურიზმზე ვსაუბრობთ, ჩვენნაირი უამრავი ქვეყანაა.
“ბევრგან აქვთ ზღვაც, ბუნებაც, მთაც, თოვლიც მოდის, უფრო მეტი მზეც არის… შარშან რუსეთსა და თურქეთს შორის კონფლიქტის პირობებში ქართული ტურისტული თემა იყო აქტუალური, რომ მთელი რუსეთი წამოვა საქართველოშიო… სრული სისულელე და მოლოდინი იყო – რუსი არ ჩამოვა ქობულეთში კოიკაზე 5 ლარად დასაწოლად და 4 საათი არ დაელოდება აჭარული ხაჭაპურის შეკვეთას, არ წავა თბილისიდან ქობულეთში, მშვენიერი გზა გვაქვს, მაგრამ ლანჩხუთიდან ქობულეთამდე ძროხები წევს გზაზე და ამაში საკმაოდ დიდ დროს ხარჯავენ, ვერ ჩავლენ დროზე, კომუნიკაცია არ არსებობს ბათუმიდან ევროპის ქვეყნებისკენ, ბათუმი-კიევი მხოლოდ საკმარისი არ არის”, – ამბობს ბიზნესმენი.
წყარო: BPI

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები