დავით დარჩიაშვილი: 8 წელია ვიცავ მიშას პოლიტიკურ მემკვიდრეობას და ბოლოს მისგან ვიღებ მოღალატის იარლიყს

8 წელია „ნაციონალური მოძრაობის“ ორომტრიალში ვარ, ვიცავ მიშას პოლიტიკურ მემკვიდრეობას და ბოლოს მიშასგან ვიღებ მოღალატის იარლიყს, – ამ შინაარსის სტატუსი ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დავით დარჩიაშვილმა ”ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
„მე აღარ მინდა დივიდენდები, რომლებიც სიტყვიერ თუ ფიზიკურ ძალადობასთანაა წილნაყარი. 8 წელია „ნაციონალური მოძრაობის“ ორომტრიალში ვარ, ვიცავ მიშას პოლიტიკურ მემკვიდრეობას და ბოლოს მიშასგან ვიღებ მოღალატის იარლიყს (ის, რომ მიშას ეს სიტყვა არ უთქვამს, როგორც ბაქრაძის ინტერვიუს შემდეგ ახსნა, თვალთმაქცობაა: მას უხარია, მისი “ხუნვეიბინები” რომ ილანძღებიან ჩვენი მისამართით, ახალისებს ამას და თავად ყოფილ თანამებრძოლებს გვეძახის). ეს ჩემთვის აღარაა პოლიტიკა, ამას სულ სხვა სახელი ჰქვია.
ნაცებს არ გვენდობა მოსახლეობის უმეტესობა. რა გინდა, მასთან კონფრონტაციას შევუწყო ხელი? აქამდე სად ვიყავი, ხომ? იქ, რომ ვფიქრობდი, ამ უნდობლობას გადავტეხავთ, ხალხი გაგვიგებს-თქო. ვერ გაგვიგო. ის, რომ 2016 წლის არჩევნებზე მასობრივი გაყალბება იყო, არის ბლეფი. იყო მოსყიდვა, დაშინება – მათ შორის იმით, რომ “აი, მოვლენ და მერე ნახეთ”. იყო გაყალბების ცალკეული შემთვევები. მაგრამ ეს არაა მასობრივი გაყალბება, ამას არც საერთაშორისო თანამეგობრობა იღებს გაყალბებად. ამას ვერც ქუჩაში დგომით უშველი. ტყუილებით პოლიტიკის კეთება კი მე არ მინდა.
ახლა მეორე მხარე: რასაც მაბრალებენ, თითქოს ბიძინასთან შეკვრას ვქადაგებ და მისი დანაშაულებების დავიწყებას. (ერთერთმა – საბანკო ანგარიშები შევუმოწმოთო. ნეტა შეამოწმონ ) ესაა მტკნარი სიცრუე, რომელსაც ან უბირი ადამიანები ავრცელებენ, რადგან წაკითხულიდან შინაარსი თავისი უბირობის მიხედვით გამოაქვთ, ან შეგნებულად აკეთებენ, რომ მეტი ქაოსი და სიძულვილი თესონ. ჩემი ღრმა რწმენით – რადიკალური, ყველასთან შეურიგებელი ნაციონალური მოძრაობა მარტო ბიძინას აწყობს, რადგან ასეთი ოპონენტი ყოველთვის დარჩება საზოგადოების დიდი ნაწილისათვის საფრთხობელად. ხოდა, ამის შეცვლა მინდა, ამით მინდა ბიძინას ხელში არსებული კოზირის გაჭრა. ამით მინდა, რომ ვაიძულო, შეეშვას დევნას, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები, დაეხსნას მედიას, მოუსმინოს და დაუჯეროს ჩვენების ეკონომიკურ ხედვებს. მხოლოდ ამის მერე გახდება შესაძლებელი, არ იყოს რუსული აგენტურა ჩვენს სპეცსამსახურებში. არ გგონია, რომ ვინც ზომიერების მომხრენი ვართ და არა პიროვნულად ბიძინას, არამედ კრიტიკული აზროვნების უნარის მქონე მის გუშინდელ მომხრეს, შუაშისტს თუ რა ვიცი კიდევ ვის უწვდით ხელს, სწორედ ისინი ამოგვიჩემეს რუსეთის აგენტებმა თუ სასარგებლო იდიოტებმა თავის სამიზნეებად? ვერაფერს დავამტკიცებ, მაგრამ ასე მგონია.
ხოდა, ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს. თუ მიშამ ჩათვალა, რომ მისი ძველი თანამებრძოლები მოღალატეები გამხდარან, ახლა იმათ უნდა დაეყრდნოს, ვინც უკეთეს ოდას მიუძღვნის, მე ვერ გადავარწმუნებ. და თუ მგონია, რომ მისი არჩეული გზა არასწორია: მინიმუმ, ბიძინას ძვრას ვერ უზამს, მაქსიმუმ კი ქვეყანას ქაოსისაკენ წაიყვანს, ამის თქმის ვალდებულებას არ ვუღალატებ. ღალატი ისაა, რაც მართალი გგონია, ის არ თქვა“,-წერს დარჩიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები