ბორის პაიჭაძის ქვრივი ბიზნესმენს უპირისპირდება – „ეს ქვეყანა რომან ფიფიასია?!“

„დიდი იმედი მაქვს, რომ დედაქალაქის მერი დავით ნარმანია გამოიჩენს გულისხმიერებას და დროულად გადაჭრის ჩემს პრობლემას! ეს ქვეყანა ჩალით არის დახურული თუ რომან ფიფიასია?!“- ამ კითხვით მიმართავს დედაქალაქის მერს ცნობილი ქართველი ფეხბურთელის ბორის პაიჭაძის ქვრივი ლიანა პაიჭაძე, რომელმაც ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამოს“ სტადიონის დირექტორს და ბიზნესმენ რომან ფიფიას შესაძლოა სასამართლოში უჩივლოს.
როგორც ლიანა პაიჭაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, ოჯახი „დინამოს“ სტადიონის ტერიტორიაზე არსებულ რამდენიმე პავილიონის მფლობელია და რომან ფიფიას სურვილი აქვს ეს პავილიონები დაანგრიოს, ხოლო მის ადგილზე თავად გეგმავს სავაჭრო ცენტრის მშენებლობას. ლიანა პაიჭაძე აცხადებს, რომ მათ საკუთრებაში არსებული პავილიონები ამჟამად, მათი ოჯახის შემოსავლის წყაროა. მისი თქმით, რომან ფიფია კი ცდილობს, რომ ეს საარსებო წყარო „დაუნგრიოს“ .
„ზუსტად ვიცი, რომ რომან ფიფიას მერიაში წარდგენილი აქვს თავისი სავაჭრო ცენტრის პროექტი, რომელიც ჩვენი პავილიონების ადგილზე უნდა აშენდეს! მაგრამ დედაქალაქის მერი ამაზე უარს ეუბნება. 2001 წელს, თბილისის მერიამ 49 წლიანი ხელშეკრულებით გამოგვიყო მიწის ნაკვეთი „დინამოს“ ტერიტორიაზე, სადაც ჩვენი სახსრებით პატარა სავაჭრო პავილიონები დავდგით. სწორედ, ამ პავილიონების გაქირავებით სულდგმულობს ჩვენი დიდი ოჯახი! მე მეუღლე გარდამეცვალა, დავქვრივდი, ბორის პაიჭაძეს კი დარჩა 6 შვილიშვილი და 21 შვილთაშვილი. ეს პავილიონები ამხელა ოჯახის ერთადერთი საარსებო წყაროა,“ – აცხადებს ლიანა პაიჭაძე.
როგორც ბორის პაიჭაძის ქვრივი გამოცემასთან აცხადებს, აღნიშნული პავილიონების დანგრევის სურვილი ჯერ კიდევ 2006 წელს ჰქონდათ. თუმცა, ლიანა პაიჭაძე ამბობს, რომ იგი თავად შეხვდა მაშინ, თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას და წერილიც გადასცა. რის შედეგადაც, პავილიონების დემონტაჟი შეჩერდა. ლიანა პაიჭაძე გამოცემასთან ამბობს, რომ როგორც კი რომან ფიფია „დინამოს“ სტადიონის ხელმძღვანელი გახდა, მაშინვე დაუწყო დევნა უკვე გარდაცვლილ ბორის პაიჭაძეს.
„სტადიონის შესასვლელთან განთავსებული იყო ბორის პაიჭაძის დიდი ქანდაკება, რომან ფიფიამ ეს ქანდაკება მოახსნევინა და სადღაც გადამალა, მის ნაცვლად კი, რაღაც მინიატურული ქანდაკება დადგეს. არადა, ვინ არ იცის, ბორის პაიჭაძის ღვაწლი და რაოდენ დიდი წვლილი მიუძღვის „დინამოს“ სტადიონის მშენებლობაში. სწორედ ჩემი მეუღლე იყო, ამ ახლადგახსნილი, მსოფლიოში ერთ-ერთი უზარმაზარი არენის პირველი დირექტორი. შარშან კი, როდესაც საქართველომ ბორის პაიჭაძის 100 წლისთავი აღნიშნა, რომან ფიფიამ თბილისის მერიას განცხადებით მიმართა, აეღოთ ჩვენი პავილიონები. ეს პროცესი საბედნიეროდ, გაიწელა. წელს, კი 25 აგვისტოს, ფიფიამ ისარგებლა იმით, რომ მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის თანამდებობა ვაკანტური იყო და რაღაც გზებით მოიპოვა დოკუმენტი ჩვენი პავილიონების დანგრევის თაობაზე. არადა, კანონით, ასეთი ნებართვა მხოლოდ ჩვენი – მფლობელების თანდასწრებით უნდა განიხილონ!” – აცხადებს ლიანა პაიჭაძე.
მისივე თქმით, მათ რომან ფიფიამ თვითნებურად ელექტროენერგია ჩაუჭრა და 7 თვეზე მეტია პავილიონებს შუქი არ მიეწოდება.
„ეს, არ არის ვანდალიზმი? ამ ეტაპზე მერიაში მაქვს შეტანილი განცხადება, რომ ოფიციალურად მიპასუხონ, რას უპირებენ ჩემს კუთვნილ, კანონიერ ქონებას, რათა ამ პასუხიდან გამომდინარე, მივმართო სასამართლოს და ასე დავიცვა ჩემი უფლებები. დიდი იმედი მაქვს, რომ დედაქალაქის მერი დავით ნარმანია გულისხმიერებას გამოიჩენს და დროულად გადაჭრის ამ პრობლემას, ეს ქვეყანა ჩალით არის დახურული, თუ რომან ფიფიასია?!“ – ამბობს ბორის პაიჭაძის ქვრივი ლიანა პაიჭაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები