თამარ ჩუგოშვილი: პარლამენტს უნდა ჰქონდეს ტვინის ფუნქცია სახელმწიფოს ორგანიზმში

საქართველოს პარლამენტს უნდა ჰქონდეს ტვინის ფუნქცია სახელმწიფოს ორგანიზმში, სადაც ხდება პოლიტიკის გააზრება, შემუშავება და დასახვა, სადაც იბადება პოლიტიკა სხვადასხვა მიმართულებით, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრების საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისას განაცხადა. თამარ ჩუგოშვილი თვლის, რომ პარლამენტი აღნიშნულ ფუნქციას დღემდე ვერ ასრულებდა. მისივე განმარტებით ეს არის უმნიშვნელოვანესი როლი.
”ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ პარლამენტმა ეს როლი შეასრულოს. არანაკლებ მნიშვნელოვანია საზედამხედველო ფუნქცია. როდესაც ჩვენ გვინდა იყოს ძლიერი საპარლამენტო რესპუბლიკა, ეს ამ ფუნქციის გარეშე ვერ შედგება. თუ საქართველოს პარლამენტს არ ექნება იმის გამოცდილება, რესურსი და კომპეტენცია, რომ ზედამხედველობა განახორციელოს ძირითადად აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ იმაზე, რომ ქვეყანას ჰყავს ძლიერი საკანონმდებლო ორგანო. მე მგონია, ამის რესურსი საქართველოს პარლამენტს აქვს, რომ ეს ახალი მიმართულებები გააძლიეროს თავის საქმიანობაში და პარლამენტი აქციოს ნამდვილ საკანონმდებლო ძლიერ ორგანოდ”, -განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე – სპიკერმა.
როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია არასამთავრობო სექტორთან, საზოგადოებასთან და დონორ ორგანიზაციებთან მუშაობა. ”ჩვენ ალბათ დაგვჭირდება სხვა ქვეყნის გამოცდილების ნახვა, მათ შორის იმ კრიტიკული მოსაზრებების მოსმენა, რაც ყველაზე დიდი დოზით არის სწორედ ამ არასამთავროებში”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები