2017 წელს დანაშაულის სტატისტიკის აღრიცხვა შემთხვევის ადგილიდან მოხდება

შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალ პროექტზე მუშაობს, რაც სტატისტიკაზე დაფუძნებულ საპოლიციო საქმეს ჩაანაცვლებს, ამასთანავე, დანაშაულის აღრიცხვისა და დამუშავების სისტემას კიდევ უფრო გააუმჯობესებს.
ამის შესახებ გაზეთ „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განუცხადა. მინისტრის ინფორმაციით, მომავალი წლიდან პოლიციელებს პლანშეტური კომპიუტერები დაურიგდებათ, რისი მეშვეობითაც დანაშაულის სტატისტიკის აღრიცხვა შემთხვევის ადგილიდან მოხდება.
„ჩვენ ახლა ვმუშაობთ ანალიზზე დაფუძნებული პოლიციის პროექტზე, რაც სტატისტიკაზე დაფუძნებულ საპოლიციო საქმეს ჩაანაცვლებს, ამასთანავე, დანაშაულის აღრიცხვისა და დამუშავების სისტემას კიდევ უფრო გააუმჯობესებს. სტატისტიკის დარეგისტრირება მოხდება უახლესი მოდელით, რაც სტატისტიკის გაყალბების შესაძლებლობას თეორიულადაც და პრაქტიკულადაც გამორიცხავს.
ჩვენ ვგეგმავთ, რომ მომავალი წლიდან პოლიციელებს დავურიგოთ პლანშეტური კომპიუტერები, რომელთა მეშვეობითაც დანაშაულის რეგისტრაცია შემთხვევის ადგილიდან ელექტრონულად მოხდება.
უწყების დღის წესრიგში დგას, ასევე ინტერაქტიული სტატისტიკისა და დანაშაულის კრიმინოგენური რუკის მომზადება, რომელიც, სავარაუდოდ, უკვე მომავალი წლიდან ამოქმედდება. ამისთვის ჩვენ შევიმუშავეთ ვებპორტალი-static.pol.ge, რომელმაც გააერთიანა, არსებული ინფორმაციის ფარგლებში, კრიმინალური სტატისტიკის ინტერაქტიული მოდული, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია რეალურ დროში ქვეყნის, რეგიონებისა და რაიონების მიხედვით, კრიმინოგენური სიტუაციის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მიღება.
სისხლის სამართლის ერთიან ელექტრონულ სისტემაში საგამოძიებო დანაყოფების მიერ, GPS მოწყობილობების გამოყენებით დანაშაულის ჩადენის კოორდინატების დატანის შემთხვევაში , შესაძლებელი გახდება უმოკლეს ვადაში კრიმინალური სტატისტიკის ინტერაქტიულ რუკაზე კონკრეტული დანაშაულის ჩადენის ადგილების ასახვა, რაც დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს, რეალურ დროში მიიღონ სტატისტიკური ინფორმაცია დანაშაულის ჩადენისა და დანაშაულის შესახებ“, – აცხადებს გიორგი მღებრიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები