შს მინისტრი დანაშაულის სტატისტიკაზე – ევროკავშირის ქვეყნებში დანაშაულის სტატისტიკა რომ მოითხოვოთ, ვერ მიიღებთ

“მძიმე დანაშაულში საგრძნობი კლებაა“, – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გაზეთ „პრაიმტაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მინისტრმა კრიმინალის ზრდასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად აღნიშნა, დანაშაულის სტატისტიკის არსებული მონაცემებით, არსებითი ცვლილება არ შეინიშნება.
მინისტრის თქმითვე, გასულ წელთან შედარებით, ყაჩაღობის 81 ფაქტით ნაკლებია, ასევე, ძარცვა შემცირებულია 59-ით, მკვლელობის მცდელობა-34 ფაქტით, ხოლო ხულიგნობა 33-ით ნაკლებია.
მღებრიშვილის ინფორმაციით, რიგ დანაშაულთან დაკავშირებით მომატებულია გახსნის მაჩვენებელი.
„ეს არის შუალედური მონაცემები, რომელიც არ არის საბოლოო და შესაბამისად, ამ ინფორმაციით, აპელირება, ვფიქრობ, რომ არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. დანაშაულის სტატისტიკის შეფასება შუალედურ მონაცემებზე დაყრდნობით, რომ კრიმინალის დონე მომატებულია ან, პირიქით, დაკლებულია, არასწორია. სტატისტიკა არ ითვლება ციფრების მექანიკური მიმატება-გამოკლებით. შუალედური სტატისრტიკა იცვლება ყოველთვიურად, ასევე კვარტლების მიხედვით და მხოლოდ წლის ბოლოს ვიღებთ რეალურ სურათს.
ბუნებრივია, ჩვენ სამუშაო პროცესში სისტემატურად ვაანალიზებთ და ვაფასებთ არსებულ ვითარებას, როგორც სტატისტიკაზე დაყრდნობით, ასევე სხვა მონაცემებით, მათ შორის, ყოველთვიურად, რომ გამოიკვეთოს ტენდენციები და აქედან გამომდინარე, დავსახოთ სამოქმედო სტატეგია.
სტატისტიკური მონაცემები წლის მანძილზე დინამიკურად იცვლება და როგორც წესი, სტატისტიკის გამოთვლა და გამოწვევების სტრატეგიული შეფასება კეთდება მხოლოდ წლის ბოლოს, სხვადასხვა ტენდენციის შეფასების საფუძველზე.
თქვენ, რომ მოითხოვოთ ევრპოკავშირის რომელიმე ქვეყანაში არსებული დანაშაულის დეტალური სტატისტიკა, ვერ მიიღებთ, რადგან მისი გასაჯაროება მოხდება მხოლოდ მომავალი წლის დასაწყისში, ჩვენ გვსურს, ამ მიმართულებითაც დავნერგოთ ევროპული სტანდარტი“,-განაცხადა შს მინისტრმა დანაშაულის სტატისტიკის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები