“ნაცმოძრაობის” წევრის თქმით, გიგა ბოკერიას ფლანგი პარტიის ყრილობის საბოტაჟს გეგმავს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, თანაპარტიელი ბოკერია და მისი ფლანგის წარმომადგენლები, იანვარში დაგეგმილი ყრილობის საბოტაჟს გეგმავენ.
“ანუ, გამოდის, რომ ბატონმა დავით ბაქრაძემ უბრალოდ იცრუა და საორგანიზაციო კომისიაში არის არა 6 წევრი, არამედ მაქსიმუმ 12. რეალობა კი ისაა, რომ გიგა ბოკერიას ფლანგი ყრილობის საბოტაჟს გეგმავს და ამიტომ არ ნიშნავს თავისი მხარიდან წევრებს პარიტეტულ კომისიაში, სადაც პოლიტსაბჭოს ყოველ 5 წევრს შეუძლია 1 წარმომადგენელი დანიშნოს. პოლიტსაბჭოში 60 წევრია,” – წერს თაქთაქიშვილი ფეისბუქის გვერდზე.
მისი თქმით, კომისია დაბალანსებულია და არცერთ მხარეს არ ტოვებს თამაშგარე მდგომარეობაში.
“დავით ბაქრაძემ ასევე იცრუა, როცა თქვა, რომ კომისია შეითავსებს პოლიტსაბჭოს ფუნქციებს. ცხადად წერია უკვე დამტკიცებულ წესებში, რომ პოლიტსაბჭოს ფუნქციებში არ შედის არც ყრილობის ტექნიკური მომზადება და არც დელეგატების რეგისტრაცია. ეს ფუნქცია ეკუთვნის ყრილობის საორგანიზაციო კომისიას.
იმ წესით თანახმად, რომელსაც ბაქრაძემ მხარი დაუჭირა, მაგრამ ჩავარდა, ყრილობის საორგანიზაციო უზრუნველყოფა ევალებოდა არა პოლიტსაბჭოს, არამედ პარტიის სამდივნოს, სადაც ყველა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ 6 ხმა 2-ის წინააღმდეგ თანაფარდობით ბოკერიას ფლანგის სასარგებლოდ. ბატონი დავითისთვის ეს მოდელი იყო მისაღები. გასაგებია! მაგრამ ის, რომ ეს ვარიანტი ჩავარდა, არ ნიშნავს, რომ დამტკიცებულ, დაბალანსებულ მოდელს საბოტაჟი გამოუცხადო და ხელი შეუშალო ყრილობის მზადებას! ყრილობა არ გადაიდება და ჩატარდება 20 იანვარს!”, – წერს თაქთაქიშვილი.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ თანაგუნდელებს 20 იანვარს დანიშნული ყრილობის გადადებას შესთავაზა. ამის შესახებ განცხადება ბაქრაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში გააკეთა. ბაქრაძის განცხადებას ექსპრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა და განაცხდა, რომ ყრილობა არ გადაიდება. ამასტან, ბაქრაძე სიცრუეში დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები