გიორგი კვირიკაშვილმა რეაბილიტირებული “კუკუშკა” დაათვალიერა

ბორჯომ-ბაკურიანის მცხოვრებლებს, სათხილამურო სპორტის მოყვარულებსა და ტურისტებს განახლებული და კაპიტალურად აღდგენილი ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის ვაგონები მოემსახურება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  ПВ-900 ტიპის სამგზავრო ვაგონებს, რომლებსაც კაპიტალური სარემონტო სამუშაოები 80-იანი წლების შემდეგ არ ჩატარებია, „საქართველოს რკინიგზის“ ძალისხმევით, ძველი იერსახე დაუბრუნდა. ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით და პირიქით, მატარებელი დღეში 2 რეისს ასრულებს.
თითოეული ვაგონი 32-ადგილიანია და შესაბამისად, გარემონტებული ვაგონებით უსაფრთხო გადაადგილებას ერთდროულად 128 მგზავრი შეძლებს.
განახლებული ვაგონები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მატარებელი მნიშვნელოვანია, როგორც დამსვენებლებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
“დღეს ბაკურიანში დღესასწაულია. ე.წ კუკუშკა, რომელიც ამ კურორტის ყველასთვის საყვარელი შემადგენელი ნაწილია, სრულად რეაბილიტირებულია და ხელმისაწვდომია დამსვენებლებისთვის. ეს მატარებელი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბორჯომიდან ბაკურიანამდე, ბევრი სოფლის მცხოვრებლებისთვის. ასევე, დღეს ჩვენ გავხსენით მიტარბის ახალი სათხილამურო ტრასა და ახალი საბაგირო, რომელიც 30 წლის წინ შეჩერდა. ჩვენ, ფაქტობრივად, ახალი სიცოცხლე ჩავბერეთ კურორტ მიტარბს. კოხტა-მიტარბის ახალი კომპლექსი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ახალი კურორტი ბორჯომ-ბაკურიანის კომპლექსში და განვითარდება გენერალური დაგეგმარების შესაბამისად, ქაოსური განვითარების გარეშე”, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, კურორტი სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობით ვითარდება და ხორციელდება ინვესტიციები.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ეს მნიშვნელოვანია ბორჯომ-ბაკურიანის მცხოვრებლებისთვის, თუმცა, პოტენციალიდან გამომდინარე, კურორტი ძალიან დიდ რადიუსში მცხოვრებლებს დაასაქმებს.
“ძალიან დიდი გეგმები გვაქვს – მომავალი წლის განმავლობაში აშენდება ბიატლონის ტრასა, ვიწყებთ ტრამპლინის აღდგენას და დამონტაჟდება ბევრი ატრაქციონი, რომელიც 12 თვის განმავლობაში აქ დაუსაქმებელს არავის დატოვებს”, – განაცხადა პრემიერმა.

15726474_387005614977802_136295578789774389_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები