საქართველოს აგრარული სექტორისთვის ადაპტაციის ეროვნული გეგმა შემუშავდება

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში პროექტის „საქართველოს აგრარული სექტორისთვის ადაპტაციის ეროვნული გეგმის მომზადება“ ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ.
პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს აგრარული სექტორისთვის კლიმატის ცვლილებისადმი საადაპტაციო გეგმის შემუშავებას, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროების თანამშრომლობით, პროექტის „სოფლის მეურნეობის განვითარება, ბაზრებზე წვდომა და მოქნილობა” ფარგლებში, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდისა (IFAD) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით საქართველოს აგრარული სექტორისთვის ადაპტაციის ეროვნული გეგმის მომზადება, რადგან მის გარეშე სოფლის მეურნეობის დარგის განვითარება წარმოუდგენელია.
„სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარებაა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დარგის ეფექტიან და მდგრად განვითარებას. ამ კუთხით კი, მნიშვნელოვანია ეროვნული საადაპტაციო გეგმის არსებობა. ვფიქრობ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან და საერთაშორისო, დონორ ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით, შევძლებთ ქმედითი და ეფექტიანი გეგმის შემუშავებას“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა საადაპტაციო გეგმის მთავარი მიმართულებები და კლიმატის ცვლილებებისადმი ქვეყნის აგრარული სექტორის ადაპტაციისთვის ეროვნულ საადაპტაციო გეგმაში გათვალისწინებული არაერთი მიმართულება განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ მიმართულებებზე დაყრდნობით, ყველა სამთავრობო უწყებისა და პარტნიორისთვის სახელმძღვანელო პრინციპები შემუშავდება.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში გამართულ შეხვედრას პროექტში ჩართული ექსპერტები, საჯარო და კერძო სექტორის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები