3 წლის განმავლობაში თბილისში საგზაო შემთხვევების შედეგად 2500-ზე მეტი ბავშვი დაშავდა, 70-ზე მეტი გარდაიცვალა

ტრანსპორტისა და გზებს ასოციაციამ ბავშვთა საგზაო უსაფრთხოების შესახებ პროექტის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციას თბილისის მერიის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ესწრებოდნენ.

პრეზენტაციაზე ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ მშობლებსა და მძღოლებში ჩატარებული კვლევები წარადგინა, ასევე ექსპერტების მოსაზრებები და რეკომენდაციები შეიმუშავა სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ, რათა ბავშვთა საგზაო უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს.

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელის დავით მესხიშვილის ინფორმაციით,  ბოლო სამი წლის განმავლობაში თბილისში საგზაო შემთხვევების შედეგად 2500-ზე მეტი ბავშვი დაშავდა, 70-ზე მეტი კი გარდაიცვალა.

მისი განცხადებით, საგზაო უსაფრთხოების კუთხით ქვეყანაში საგანგაშო სტატისტიკაა. მესხიშვილის თქმით, ყოველწლიურად 600-ზე მეტი გარდაცვალების შემთხვევაა, 10 ათასამდე ტრავმირებული ადამიანია.

„მხოლოდ ბოლო ორ დღეში 7 ადამიანი გარდაიცვალა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქალაქ რუსთავში და ურეკში. მიგვაჩნია, რომ მდგომარეობა არის კატასტროფული და აქტიურობას საჭიროებს. ჩვენ შევისწავლეთ დედაქალაქში ბავშვთა საგზაო უსაფრთხოების მდგომარეობა. აქაც შედეგი გვაქვს ძალიან მძიმე, ბოლო სამი წლის განმავლობაში 2500-ზე მეტი ბავშვი დაშავდა, ხოლო 70-ზე მეტი გარდაიცვალა. ეს მაჩვენებელი საშუალო ევროპულ მაჩვენებელს 4-ჯერ აღემატება. ჩვენ გვაქვს კონკრეტული რეკომენდაციები, თუ რა უნდა განხორციელდეს“,- განაცხადა მესხიშვილმა.

ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია რეკომენდაციით მიმართავს ხელისუფლებას, სკოლებში, საბავშვო ბაგა-ბაღებში დაინერგოს სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა ბავშვებისათვის, ასევე დაწესდეს ადმინისტრაციული სანქციები იმ ქვეითად მოსიარულე პირების მიმართ, რომლებსაც მცირეწლოვანი ბავშვები საავტომობილო გზის სახიფათო ადგილებზე გადაჰყავთ. ასევე ორგანიზაცია ითხოვს ბავშვებისათვის სპეციალური სავარძლების დაკანონებას, რათა ამ სავარძლების გარეშე ბავშვების გადაყვანა ტრანსპორტში არ ხდებოდეს. ასევე მერიას რეკომენდაციას აძლევს შექმნას სასკოლო ზონები სკოლების გარშემო, სადაც საგზაო უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები იქნება მიღებული.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები