ბინალი ილდირიმი: თურქეთი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით

“თურქეთი განაგრძობს საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერას, ნატოში, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით”, – ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ბინალი ილდირიმმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და მომავალშიც ასე განაგრძობს.
“თურქეთი განაგრძობს საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერას, ნატოში, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით. თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და მომავალშიც ასე განაგრძობს. გვჯერა, რომ არსებული პრობლემები უნდა მოგვარდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. 2007 წლიდან, თურქეთი საქართველოს პირველი სავაჭრო პარტნიორია და ჩვენ სამომავლოდ ამ ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას ვგეგმავთ. ჩვენი სურვილია, ორი ქვეყნის ეკონომიკური ინტეგრაცია კიდევ უფრო განმტკიცდეს, როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო გზებზე არსებული წინააღმდეგობების აღმოფხვრის გზით.
საქართველო და თურქეთი საინვესტიციო სფეროშიც თანამშრომლობენ. ჩემი ტრანსპორტის მინისტრობისას დაიწყო ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტი, რომელსაც თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ და ის უკვე დასკვნით ეტაპზეა. ვიმედოვნებთ, 2017 წლის პირველ მეოთხედში ეს პროექტი დასრულდება და ჩვენ შევძლებთ, სატრანსპორტო დერეფნის გაზრდას და ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენას.
კიდევ ერთხელ, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩვენთვის ასე მნიშვნელოვან დღეს“, -განაცხადა თურქეთის პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები