თურქეთის პრემიერი გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტზე: მომხდარის მიუხედავად, მან არ შეცვალა პროგრამა და ჩამოვიდა თურქეთში
“მომხდარის მიუხედავად, მან არ შეცვალა პროგრამა, ჩამოვიდა თურქეთში, რითაც ჩვენი ქვეყნისა და მთავრობისადმი ძალიან მკაფიო მხარდაჭერა გამოხატა”, – ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ბინალი ილდირიმმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
ბინალი ილდირიმმა ქართველ კოლეგას ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.
„მოხარული ვარ, რომ თურქეთში ვმასპინძლობთ ჩვენს ძვირფას ძმას, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს. საუბრის დასაწყისში, მინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო რუსეთის ელჩის, ბატონი კარლოვის მკვლელობის საზარელ ფაქტს და მივუსამძიმრო მისი ოჯახის წევრებს, რუს ხალხს. მინდა აღვნიშნო, რომ 15 ივლისის მუხანათური გადატრიალების მცდელობის შემდეგ, 19 ივლისს ჩემი ძვირფასი კოლეგა გვეწვია თურქეთში. მომხდარის მიუხედავად, მან არ შეცვალა პროგრამა, ჩამოვიდა თურქეთში, რითაც ჩვენი ქვეყნისა და მთავრობისადმი ძალიან მკაფიო მხარდაჭერა გამოხატა და მინდა, მას ამისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. დღეს ბატონი პრემიერი ჩვენს ქვეყანაში იმყოფება, რათა დაესწროს “ევრაზიის გვირაბის” გახსნას. ეს არის დიდი პროექტი, რომელიც აკავშირებს ორ კონტინენტს და გადის ზღვის ქვეშ, 106 მეტრის სიღრმეზე. ჩვენ ვისარგებლეთ შემთხვევით და შეხვედრისას განვიხილეთ თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები. დარწმუნებულნი ვართ, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა და ურთიერთგაგება მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება“, – განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა.