მამუკა ხაზარაძე: დარწმუნებული ვარ იმაში, რომ 2017 წელი იქნება ეკონომიკაში წარმატებული
დარწმუნებული ვარ, 2017 წელი ეკონომიკაში წარმატებული იქნება, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ლარის გაუფასურების ფუნდამენტური მიზეზი არ არსებობს.
„ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება. დარწმუნებული ვარ და ძალიან დიდი იმედით ვართ, რომ 2017 წელი იქნება წარმატებული ეკონომიკაში. 2017 წელს ველოდებით სერიოზულ განვითარებას, ბევრი პროექტია დაძრული სხავადასხვა მიმართულებით და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ იქნება სიმშვიდე და წინსვლა.
ჩვენ უნდა დავიწყოთ აზროვნება ლარში და, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ლარში აქვს შემოსავალი და მათ აღარ ექნებათ საფიქრებელი, რომ დოლარის კურსის გამო გაეზრდებათ გადასახადი. ეს ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
რაც შეეხება ბანკების მოგებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ ”თიბისი ბანკი” ბოლო 15 წლის განმავლობაში არის მოგებაზე და ეს არავითარ კავშირში არ არის ლარის კურსთან. მისივე თქმით, ლარის გაუფასურება პირდაპირ უკუპროპორციულად მოქმედებს ბანკების მომგებიანობასა და მის ღირებულებაზე.
„ჩვენი ინვესტორები, რომლებიც ინვესტიციას დოლარში აკეთებენ, მათი ინვესტიცია მცირდება, ეს არის ძალიან მარტივი. მეორე მხრივ, ის მსესხებლები, რომლებსაც დოლარში ჰქონდა სესხი, მათ უჭირთ გადახდა და ბანკი შესაბამისად იძულებულია, რომ ეს სესხები ჩამოაწეროს ან რესტრუქტურიზაცია გააკეთოს.
რაც შეეხება ბანკის მონაწილეობას ლარის კურსში, ბანკები ყოველთვის იღებენ იმ მომსახურების საფასურს, რომელიც თეთრებითაა განსაზღვრული, ვალუტის გადახურდავება-გადმოხურდავების დროს, ანუ აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ რაღაც იაფად იყიდა და ძვირად გაყიდა. ასეთი რამ არ ხდება, ეს რეგულირებადია“, – განმარტა ხაზარაძემ.