ავსტრიაში გერმანულენოვანი „ვეფხისტყაოსნის“ ახალი გამოცემის წარდგინება გაიმართა

ვენის დიპლომატიურ აკადემიაში, გერმანულ ენაზე ნათარგმნი „ვეფხისტყაოსანის“ საიუბილეო გამოცემის წარდგინება გაიმართა.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ახალი გამოცემა თანამედროვე დიზაინითა და უმაღლესი პოლიგრაფიული ხარისხით არის შესრულებული.15391273_1011307025661902_1002834283980335618_o
პოემა მოწვეულ სტუმრებს წარუდგინეს გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა მანანა თანდაშვილმა და საიუბილეო გამოცემის ავტორმა, რუსუდან მოსიძემ, რომელიც გამომცემლობა „ბაკმს“ წარმოადგენდა.
სტუმრები გაეცნენ ნაწარმოების მნიშვნელობას და ს. ქობულაძის შესრულებით „ვეფხისტყაოსნის“ ისტორიულ ილუსტრაციებს, მათ შორის მე-17 საუკუნის მინიატურებს.
ღონისძიება ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, ფრანკფურტის ლიტერატურული სალონის EUTERPE-ს და ვენის აღმოსავლეთმცოდნეობის საზოგადოების (Österreichische Orient-Gesellschaft Hammer-Purgstall) ერთობლივი თანამშრომლობით განხორციელდა.
მანანა თანდაშვილმა და რუსუდან მოსიძემ „ვეფხისტყაოსნის“ ერთი ეგზემპლარი ავსტრიის ქართული სათვისტომოს საკვირაო სკოლას უსახსოვრეს.
ჰუგო ჰუპერტის მიერ ნათარგმნი „ვეფხისტყაოსანი“ პირველად 1955 წელს მისივე წინასიტყვაობით – „რუსთაველი და მისი პოემა“ გამოიცა.
„ვეფხისტყაოსნის“ ახალი, გერმანულენოვანი გამოცემის წარდგინება ფრანკფურტსა და მიუნხენში უკვე გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები