ბათუმისა და ხელვაჩაურის რაიონის აბონენტებს გაზის მიწოდება დღის ბოლომდე ეტაპობრივად აღუდგებათ

ბათუმისა და ხელვაჩაურის რაიონის აბონენტებს გაზის მიწოდება დღის ბოლომდე ეტაპობრივად აღუდგებათ – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” ავრცელებს.
კომპანია ხელვაჩაურისა და ბათუმის მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, რომ უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით, გაზის დანადგარების ონკანები ჩაკეტონ. კომპანიის მერ გავრცელებულ განცხადებას „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.
„15 დეკემბერს, ღამის საათებში, ბათუმის ცენტრალურ მაგისტრალზე ავარიული მდგომარეობა შეიქმნა, რის გამოც გაზის მიწოდება შეუწყდა ბათუმისა და ხელვაჩაურის 50 ათასამდე აბონენტს. კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის” აჭარის ოფისის ინფორმაციით, ტექნიკურმა ჯგუფებმა მთელი ღამის განმავლობაში იმუშავეს და დაზიანებული მილსადენი სრულად აღადგინეს. ამჟამინდელი ინფორმაციით, გაზის მიწოდების აღდგენის პროცესს „სოკარ ჯორჯია გაზი” ეტაპობრივად განახორციელებს. დღის ბოლომდე აბონენტთა უმრავლესობას გაზის მიწოდება აღუდგება. სრული აღდგენა ხვალ, დღის პირველ ნახევარში დასრულდება. გაზის გათიშვამ საჯარო სკოლებში და ბაღებში შეფერხებები გამოიწვია. ბათუმში მხოლოდ 3 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. ბათუმში 24 საჯარო სკოლაში, ხოლო ხელვაჩაურში 7 საჯარო სკოლაშია დროებით შეწყვეტილი სწავლა. სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა იმ სკოლებში, სადაც გათბობა ბუნებრივ აირზე არ არის დამოკიდებული. რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, მათ გააჩნიათ გათბობის ალტერნატიული წყარო, თუმცა ბავშვების გამოუცხადებლობის გამო რამდენიმე ბაღში სასწავლო პროცესი დროებით შეწყვეტილია. თხოვნით მივმართავთ და მოვუწოდებთ ბათუმისა და ხელვაჩაურის მოსახლეობას, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის დანადგარების ონკანები, რათა ბუნებრივი აირის ჩართვის პროცესში თავიდან ავიცილოთ გაუთვალისწინებელი შედეგები,“ – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები