“პარლამენტის მიერ დამტკიცებული საკონსტიტუციო კომისია ღიაობის, გამჭვირვალობის პრინციპით იმუშავებს”

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, პარლამენტის მიერ დამტკიცებული საკონსტიტუციო კომისია ღიაობის, გამჭვირვალობის პრინციპით იმუშავებს, – ამის შესახებ მან გადაცემა 2030-ში განაცხადა.
„კომისიაში წარმოდგენილი იქნება ყველა საკონსტიტუციო ორგანო და იქნება ფართო შესაძლებლობა, წინა კომისიისგან განსხვავებით, რომლის მუშაობასაც არანაირი შედეგი არ მოჰყვა, ამ კომისიამ შედეგზე ორიენტირებულად იმუშაოს. სამუშაო ჯგუფებში წარმოდგენილი არცერთი წინადადება, მოსაზრება თუ ხედვა არ დაიკარგება და კომისიაში განსჯის საგანი გახდება“, – განაცხადა ბესელიამ.

მისი თქმით, საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით სიტყვა ლეგიტიმაციის გამოყენება ოპონენტების მხრიდან სამართლებრივი უვიცობის დემონსტრირებაა.

„მეორე მხრივ, ეს იყო ძალიან უტიფარი ტყუილი მათი მხრიდან, ვინც იცოდა, რომ ეს სიტყვა კომისიასთან არანაირ კავშირში არ არის. კომისიის სამუშაო ჯგუფის მუშაობის პროცესს არავითარი დამატებითი ლეგიტიმაცია არ სჭირდება. ამ პროცესთან მიმართებაში, ეს სიტყვა საერთოდ არარელევანტურია. მით უფრო – მაშინ, როცა კომისია ყველაზე წარმომადგენლობითმა ორგანომ, პარლამენტმა დაამტკიცა და მას პარლამენტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს, რომელსაც ასევე მაღალი სტატუსი აქვს“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები