პარლამენტმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” დადგენილებას მხარი დაუჭირა.
დღევანდელ სხდომაზე ირაკლი კობახიძემ კოლეგებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ძირითადი პრინციპები, მიზნები, სტრუქტურა და მუშაობის წესი გააცნო.
როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საკონსტიტუციო კომისიის მიზანია კონსტიტუციის გადასინჯვა და ისეთი კანონპროექტის შემუშავება, რომლის მიღებაც უზრუნველყოფს კონსტიტუციის სრულ შესაბამისობას კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან და ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარების ინტერესის შესაბამისი კონსტიტუციური სისტემის ჩამოყალიბებას.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს. კომისიის წევრები იქნებიან ბოლო საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე იმ პარტიებისა და ბლოკების პირველი ნომერი პარტიების თითო წარმომადგენელი, რომელთაც ვერ გადალახეს საარჩევნო ბარიერი, მაგრამ მიიღეს ხმების 3% მაინც, საქართველოს პრეზიდენტის 2 წარმომადგენელი, საქართველოს მთავრობის 2 წარმომადგენელი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელები, სახალხო დამცველი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
„დადგენილების ის პროექტი, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი, მაქსიმალურად ფართო ჩართულობას ითვალისწინებს. ყველა შესაბამისი სუბიექტი, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში ჯანმრთელი კონსტიტუციის არსებობით, არის ჩართული პროცესში. ესენი არიან: ყველა ძირითადი პოლიტიკური სუბიექტი, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიები, ყველა კონსტიტუციური ორგანო, რომელიც კონსტიტუციის თანახმად მოქმედებს საქართველოში და არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები. დარწმუნებული ვარ, რომ სუბიექტებს შორის არსებობს სრული კონსენსუსის რესურსი. გარდა ამისა, კომისია აქტიურად ითანამშრომლებს საერთაშორისო პარტნიორებთან, განსაკუთრებით ვენეციის კომისიასთან და ჩვენ გავაკეთეთ ძალიან ამბიციური განაცხადი, რომ ერთი ნორმაც თუ იქნება ნეგატიურად შეფასებული ვენეციის კომისიის მიერ, ჩვენ მას პარლამენტში არ გავიტანთ და პარლამენტი ასეთ ნორმას არც ერთ შემთხვევაში არ დაამტკიცებს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ძირითადი აქცენტი კონსტიტუციის დახვეწაზე კეთდება. პარლამენტის წევრებმა „სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” დადგენილება კენჭისყრის შედეგად მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები