ჰაკერებმა კომპანია Yahoo-ს 1 მილიარდი მომხმარებლის მონაცემები მოიპარეს
ამერიკული ინტერნეტ–კომპანია Yahoo–ს ინფორმაციით, 2013 წელს განხორციელებული კიბერშეტევის დროს ჰაკერებმა 1 მილიარდი მომხმარებლის მონაცემები მოიპარეს.
საუბარია ექაუნთების მფლობელთა სახელებზე, დაბადების თარიღებზე, ტელეფონებზე, ელექტრონულ მისამართებზე და პაროლებზე.
ამასთანავე Yahoo იუწყება, რომ საკრედიტო ბარათების და საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაცია სხვა სისტემაში ინახებოდა, რომელშიც ჰაკერებმა ვერ შეაღწიეს.
სექტემბერში კომპანიამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით 2014 წელს მასზე ასევე უმსხვილესი კიბერშეტევა განხორციელდა. მაშინ ჰაკერებმა 500 მილიონი ექაუნთის მონაცემები მოიპარეს.
Yahoo–ში განაცხადეს, რომ კიბერშეტევა, სავარაუდოდ, ერთ–ერთი ქვეყნის მთავრობამ განახორციელა, თუმცა სახელმწიფო არ დაუსახელებიათ.