ვახტანგ ხმალაძე: პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევაზე უარი უნდა ვთქვათ

გაზეთი „ახალი თაობა“ კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს. ყოფილი დეპუტატი და იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აცხადებს, რომ პრეზიდენტი სცენაზე გამოდის მხოლოდ მაშინ, როცა პოლიტიკური კრიზისია.
ხმალაძეს მიაჩნია, რომ საკონსტიტუციო კომისიას ორი თანათავმჯდომარე არ უნდა ჰყავდეს. მისი თქმით, წარმოდგენილი მოდელი მისაღებია, რადგან ორი თავმჯდომარის შემთხვევაში, კომუნიკაცია გაცილებით რთული იქნებოდა.
კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე საუბრისას, ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ ზოგიერთი მუხლი საკმაოდ კარგად არის ჩამოყალიბებული და ამ ნაწილებში ცვლილებები არ უნდა განხორციელდეს. მისი თქმით, ძირითადად, ხელისუფლების სისტემასთან დაკავშირებული თავებია შესაცვლელი. ინტერვიუში კონსტიტუციონალისტი დეტალურად მიმოიხილავს იმ საკითხებს, რომელთა შეცვლაც აუცილებელია. მათ შორისაა პარლამენტის საბიუჯეტო უფლებამოსილების გაზრდა, მთავრობის ფორმირების პროცედურის გამარტივება და სხვა.
ვახტანგ ხმალაძე პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებაზეც ამახვილებს ყურადღებას და მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით არ უნდა იყოს არჩეული. მისი აზრით, საქართველომ საპარლამენტო რესპუბლიკების უდიდესი ნაწილის მოდელი უნდა გამოიყენოს და პრეზიდენტი პარლამენტმა ან ამრჩევთა კოლეგიამ უნდა აირჩიოს. ხმალაძე ასევე დასძენს, რომ მეორე მხრივ, ცალკეულ ინსტიტუტებთან მიმართებით, პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდაა აუცილებელი. კონსტიტუციონალისტის განმარტებით, პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაში არ უნდა ერეოდეს, თუმცა სხვა ინსტიტუტის ფორმირებაში, მაგალითად, მთავარი პროკურორის დანიშვნის შემთხვევაში, მისი თანამონაწილეობა პოზიტიური იქნება.
ინტერვიუს დასასრულს, ვახტანგ ხმალაძე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე არ იცის, მიიღებს თუ არა მონაწილეობას საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობაში.
„ვნახოთ, თუ მივიღე მოწვევა“, – აცხადებს ხმალაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები