პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩართვაზე უარს აცხადებს

საქართველოს პრეზიდენტი და პრეზიდენტის წარმომადგენლები საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩართვაზე უარს აცხადებს.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს პარლამენტის მხრიდან შეთავაზებული წინადადება საკონსტიტუციო კომისიის შექმნის წესის შესახებ არაერთ კითხვის ნიშანს აჩენს.
”საქართველოს კონსტიტუციაში და არც სხვა საკანონმდებლო აქტებში არ არის გაწერილი საკონსტიტუციო კომისიის შექმნის ან კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტის მომზადების წესი. შესაბამისად, საკონსტიტუციო კომისია თავისი არსით არის პოლიტიკური ინიციატივა, რომელშიც ერთიანდებიან პოლიტიკური სუბიექტები, პროფესიული წრეები კონკრეტული მიზნის გადასაწყვეტად. სწორედ ამიტომ, საკონსტიტუციო კომისიის ფორმირების დროს, ჩვენ განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია და მიგვაჩნდა მაღალი ლეგიტიმაციის, ფართო ჩართულობის, მაქსიმალური პოლიტიკური ნდობისა და კონსენსუსის უზრუნველყოფა. საქართველოს პარლამენტის მხრიდან შემოთავაზებული წინადადება საკონსტიტუციო კომისიის შექმნის წესის შესახებ ვფიქრობ, არაერთ კითხვის ნიშანს აჩენს”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
მისი თქმით, წარმოდგენილი დადგენილების პროექტი ცალსახად მოკლებულია პოლიტიკურ ნდობას და პოლიტიკურ ლეგიტიმაციას, საკითხთა განხილვის დემოკრატიულობას, არ არის ორიენტირებული ფართო კონსენსუსის მიღწევაზე და „აქ მეტი აქცენტია ერთპიროვნულ და ერთპარტიული გადაწყვეტილებების მიღებაზე“.
”საქართველოს პრეზიდენტი და პრეზიდენტის წარმომადგენლები თავს შეიკავებენ საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობის მიღებისგან, თუმცა ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენ აქტიურად ავამუშავებთ ამ თვალსაზრისით არსებულ ერთადერთ საკონსტიტუციო ფორმატს, კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვას”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიის ერთადერთი თავმჯდომარე თავად იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები