გია მაისაშვილი: ამდენი კეთილისმსურველის შემყურე, არ მემეტება ჯერ იმქვეყნად წასვლა

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პოლიტიკოსმა გია მაისაშვილმა კიბო დაამარცხა, თავად გია მაისაშვილი ეხმაურება. როგორც მაისაშვილი წერს, მისი სრული გამოჯანმრთელების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ერთი წლის წინანდელია. მისი თქმით, დღეს ამაზე საუბარი ნაადრევია.
როგორც მაისაშვილი აღნიშნავს, ამ ეტაპზე მკურნალობა ჰიუსტონის კლინიკაში მიმდინარეობს. ის იმედოვნებს, რომ თუ კარგი მდგომარეობა შენარჩუნდა, იანვრის ბოლოს თბილისში ჩამოვა და მკურნალობას დედაქალაქში გააგრძელებს.
„ჩემო ძვირფასებო, რომელიღაც სააგენტომ, ალბათ კარგი განზრახვით, გაავრცელა ერთი წლის წინანდელი ინფორმაცია ჩემი სრული გამოჯანმრთელების შესახებ, გახარებული ადამიანები რეკავენ და მილოცავენ, რაც სამწუხაროდ, ნაადრევია. იმედია, საბოლოოდ ასეც იქნება. ახლა მკურნალობა ჰიუსტონში მიმდინარეობს და ვიმედოვნებთ, რომ თუ დღევანდელი კარგი მდგომარეობა შენარჩუნდა, იანვრის ბოლოს ჩამოვიდე და იგივე მკურნალობა თბილისში გავაგრძელო. ასევე დავუბრუნდე აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას იმ ხნის მანძილზე, რაც დამრჩა.
ამდენი კეთილისმსურველის შემყურე, არ მემეტება ჯერ იმქვეყნად წასვლა, ჯერ არ მაქვს აქაური ამოცანა დასრულებული, თორემ განა ყველა იმ ქვეყნის შვილები არ ვართ? მაგრამ აქ ამდენი საქმეა, ამდენი მოსაფერებელია, ოჯახი, შვილები, მეგობრები, სტუდენტები, თქვენ, თორემ შეუცვლელი არავინაა, მხოლოდ შვილებისთვის ხარ შეუცვლელი, განსაკუთრებით, როცა ისინი ასე პატარები არიან. ამაზე არც მინდა საუბარი. სანამ ამ ქვეყნად ვართ, ვეცადოთ იგი ცოტათი მაინც გავალამაზოთ. იცოცხლეთ დიდხანს ლამაზად!!!“, – წერს გია მაისაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები