დიმიტრი ხუნდაძე: მარიხუანა მსუბუქი ნარკოტიკი არის, არც ისე უსაფრთხოა, როგორც ზოგიერთს წარმოუდგენია
საგულისხმოა, რომ მარიხუანას მომხმარებელთა 30% გადადის შემდეგ მძიმე ნარკოტიკზე, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენელმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
ხუნდაძე მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ კანონის მიღებამდე სახელმწიფო მზად უნდა იყოს პრევენციისთვის.
„მარიხუანა მსუბუქი ნარკოტიკი არის, არც ისე უსაფრთხოა, როგორც ზოგიერთს წარმოუდგენია, ჩვენ არ უნდა დავაყენოთ რისკის ქვეშ საქართველოს მოსახლეობა და მომავალი თაობა. ვიდრე შევა კანონი ძალაში მისი ლეგალიზების შესახებ, უნდა გაძლიერდეს ყველა ის შესაბამისი სამსახური, რომელიც გათვალისწინებული იქნება იმისთვის, რომ არ მოხდეს მარიხუანას მომხმარებელთა ზრდა. ის, რომ ადამიანებს მარიხუანას მოხმარების გამო არ უნდა იჭერდნენ, ამას ვეთანხმები, თუმცა ვთვლი, რომ ეს თემა დიდხანს იქნება აქტუალური. გარკვეული ლიბერალიზაცია უნდა მოხდეს, მაგრამ კიდევ აღვნიშნავ, რომ მანამდე ალტერნატიული ცვლილებები უნდა განხორციელდეს,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.