“უნდა ვიზრუნოთ იმისათვის, რომ საზოგადოებაში შევქმნათ ძალიან მტკიცე აღქმა იმის, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები არის დაცული”

ხმა აიმაღლე სხვისი უფლებების დასაცავად დღეს! – ამ მოწოდებით მსოფლიო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს ზეიმობს. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის სახელით, დღეს საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ–მინისტრმა უმასპინძლა.
როგორც “კვირას” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გიორგი კვირიკაშვილმა მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და მათ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე მიაწოდა ინფორმაცია. პრემიერ–მინისტრი მიიჩნევს, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარი საყრდენი ადამიანია და მისი უფლებების დაცვა თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე დიდი მონაპოვარია.
„როდესაც ჩვენი მთავრობა, ჩვენი პოლიტიკური გუნდი ადამიანზე და მის უფლებებზე ვსაუბრობთ, ამით არავითარ შემთხევაში არ ვიწონებთ თავს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. ადამიანის უფლებების დაცვა და ინსტიტუციური საფუძვლების შექმნა არის ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის უმთავრესი პრიორიტეტი. სახელმწიფოს წინსვლა და განვითარება შეუძლებელია ამგვარი, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების გარეშე. ამიტომაც, ეს არის ჩვენი მთავარი საყრდენი და ამას ჩვენ საქმით ვამტკიცებთ. დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფო იყო თაობების ოცნება და დღეს ჩვენ გვაქვს უკვე შესაძლებლობა საქართველო ჩადგეს თანამედროვე ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფოების რიგებში. დღეს ჩვენ გვაქვს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია და მთავრობის სამოქმედო გეგმა, რომლის შესრულება და დემოკრატიული ღირებულებების ნამდვილი ერთგულება შეუძლია ჩვენს გუნდს– ჩვენს მთავრობას, ჩვენი პარლამენტის პოლიტიკურ გუნდს და გვაქვს ამის მტკიცე პოლიტიკური ნება. 2012 წელს საქართველოში მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი გარდატეხა ამ მიმართულებით და 4 წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს ნამდვილად ბევრი რამ საამაყო ამ მიმართულებით,”–განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ–მინისტრის განმარტებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, მთავრობის მიერ შემუშავებული კომპლექსური მიდგომა, პოლიტიკის დოკუმენტები და ინსტიტუციური მექანიზმები საუკეთესოდ ფასდება გაეროს სხვადასხვა ტრიბუნიდან, რაც დიდი აღიარებაა საერთაშორისო არენაზე.
„2015 წელს, საქართველო გახდა გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს წევრი, ხოლო წინა კვირას ჟენევაში ჩვენი მისიის ხელმძღვანელი ბატონი შალვა ცისკარაშვილი არჩეულ იქნა გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს ვიცე პრეზიდენტად. ჩვენ ვამაყობთ ამ შედეგით, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ ვკმაყოფილდებით მიღწეულით და ინტენსიურად ვაგრძელებთ მუშაობას. ჩვენ გვაქვს მტკიცე პოლიტიკური ნება, რათა ადამიანის უფლებების უზრუნველსაყოფად კიდევ უფრო გავაძლიეროთ სამართლებრივი ჩარჩო და ინსტიტუციური მექანიზმები. ჩვენ უახლოეს დღეებში პარლამენტში განვაახლებთ სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის განხილვას და ვფიქრობთ, რომ ჩვენი უმთავრესი ამოცანა იქნება ამ რეფორმის წარმატებულ შედეგამდე მიყვანა. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმისათვის, რომ ფართო საზოგადოებაში შევქმნათ ძალიან მტკიცე აღქმა იმის, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები არის დაცული, რომ გვაქვს ძალიან მყარი ინსტიტუციური მექანიზმები და სასამართლო სისტემა ფუნქციონირებს იმ სტანდარტებით, რომელიც დღეს თანამედროვე სამყაროში არსებობს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმეში ჩვენი არასამთავრობო სექტორის ჩართულობა. ამიტომ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ შევქმნათ შესაბამისი დიალოგის პლატფორმები, სადაც უზრუნველყოფილი იქნება არასამთავრობო სექტორის აქტიური ჩართულობა ამ უაღრესად საჭირო რეფორმების განხორციელების პროცესში. ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერა და ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა დონეზე,”–აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მუშაობს ქვეყანაში ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის განმტკიცებისათვის.
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას, რომელიც საქართველოს მთავრობის სახელით გაიმართა, დიპლომატები, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.. ღონისძიების მხარდამჭერი იყო ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის–„ადამიანის უფლებები ყველასთვის” ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები