ლევან დავითაშვილი ვაშინგტონში გამართულ ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაციას დაესწრო

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ-ში, საქართველოს დესპან გიორგი ციკოლიასთან ერთად, ვაშინგტონში გამართულ ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაციას „გამარჯობა საფერავო“ დაესწრო.
 
ქართული ღვინის საღამო ამერიკა-საქართველოს ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.
 
აშშ-ში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს პარტნიორი კომპანია „ქართული ღვინის სახლი“ მიმდინარე წლის დეკემბერში მართავს ქართული ღვინის პოპულარიზაციის აქციას „გამარჯობა, საფერავო“ (Well, Hello Saperavi), რომლის ფარგლებშიც, მთელი თვის მანძილზე, ვაშინგტონში, სხვადასხვა ღვინის სპეციალიზირებულ სავაჭრო ობიექტებში, ბარებსა და რესტორნებში ქართული ღვინის, კერძოდ, „საფერავის“ დეგუსტაციის სერია გაიმართება.
 
აქციის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება საფერავის სხვადასხვა ნაირსახეობა – “ქვევრის საფერავი”, “ნახევრადტკბილი”, “ახალი ვაზის საფერავი”, “საფერავი როზე” და სხვა. დეგუსტაციას ღვინის პროფესიონალები, სომელიეები და უბრალოდ, ქართული ღვინის დამფასებლები ესწრებიან.
 
ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინისთვის პოტენციურად მზარდი საექსპორტო ბაზარია. დღეისათვის, ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, აშშ-ში აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს ახორციელებს და მათ გაგრძელებას მომავალშიც გეგმავს.
 
მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 294 ათასამდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 27%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები