სოფლის მეურნეობის მინისტრი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა

5-9 დეკემბერს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.
როგორც “კვირას” სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა შეხვედრები გამართა მსოფლიო ბანკის, აშშ-ის კონგრესის აგრარული კომიტეტის, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის, სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან.
შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა და სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.
ლევან დავითაშვილმა აშშ-ის მთავრობისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ბოლო წლებში განხორციელებული პროექტები გააცნო. მინისტრმა დეტალურად ისაუბრა პროექტების შედეგად მიღწეულ შედეგებზე. კერძოდ: სოფლის მეურნეობის სტრატეგიაზე, შემუშავებულ „მიწის მომხმარებელთა ასოციაციის“ (Land Users Association) კანონპროექტზე, ქვეყანაში აღდგენილ და რეაბილიტირებულ სამელიორაციო სისტემებზე, უკვე ამოქმედებულ მცირე და საშუალო საწარმოებზე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარებაზე და ყველა იმ მნიშვნელოვან პროექტზე, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაგეგმილი აქვს, მუშაობა გააგრძელოს მიწის ადმინისტრირების, სარწყავი სისტემების გაუმჯობესების, მოსახლეობისთვის მექანიზაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის და სტრატეგიით გათვალისწინებული სხვა პრიორიტეტული მიმართულებების კუთხით. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსათვის პრიორიტეტს წარმოადგენს მაღალი ღირებულების აგრარული პროდუქტების (High Value Products) წარმოება და ექსპორტი.
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრი Cultivating New Frontiers in Agriculture-ს (CNFA) ხელმძღვანელებს შეხვდა და ორგანიზაციის მიერ საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები განიხილა.
ვიზიტის ფარგლებში, 7 დეკემბერს, ლევან დავითაშვილი დაესწრო ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს მიერ ორგანიზებულ მე-19 ყოველწლიურ კონფერენციას, სადაც განიხილებოდა საქართველოს ეკონომიკური და სატრანზიტო პოტენციალი, ასევე, ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები