ბრუნო ბალვანერა: საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული ზომები ძალიან მნიშვნელოვანია და მისი მიზანი დოლარზე დამოკიდებულების შემცირებაა

კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი ბრუნო ბალვანერა მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული ზომები, რომელთა მიზანიც მცირე მოვალეებისათვის დოლარზე დამოკიდებულების შემცირებაა.
როგორც ბალვანერა აღნიშნავს, ოჯახები, რომელთაც შედარებით მოკრძალებული შემოსავალი აქვთ ლარში, ხოლო იპოთეკური სესხები – დოლარში, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ კურსის ცვალებადობის გამო.
„მთავრობამ განაცხადა მოსახლეობის უცხოურ ვალუტაზე დამოკიდებულების შემცირების აუცილებლობის შესახებ – ამჟამად, მოსახლეობის დანაზოგები და კრედიტები, ძირითადად, აშშ დოლარშია.
თუ ლარის კურსის ცვალებადობას საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტებს – თურქულ ლირას ან თუნდაც მეზობელი ქვეყნის – რუსულ რუბლს შევადარებთ, ცხადი გახდება, რომ საქართველოს ეროვნული ვალუტა არ გაუფასურებულა იმ ზომით, რა ზომითაც ეს აშშ დოლართან მიმართებაში მოხდა. ის გარემოება, რომ მცირე მოვალეების კრედიტები აშშ დოლარშია, მათ საფრთხეში აგდებს – ქმნის რისკებს, რომელთა მართვაც მათ არ შეუძლიათ.
ოჯახები, რომელთაც შედარებით მოკრძალებული შემოსავალი აქვთ ლარში, ხოლო იპოთეკური სესხები – დოლარში, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ კურსის ცვალებადობის გამო.
ამდენად, მნიშვნელოვნად მიმაჩნია დაანონსებული ზომები, რომელთა მიზანიც მცირე მოვალეებისათვის დოლარზე დამოკიდებულების შემცირებაა. მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმის მნიშვნელობა დიდია მოსახლეობისთვის სარგებლის მოტანის თვალსაზრისით. ამაში ახალი არაფერია – ამ მიმართულებით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი რამდენიმე წელია, რაც მუშაობს.
სწორედ ამ მოტივით გამოვუშვით ლარით დენომინირებული ობლიგაციები და ამ მიზნით ვაფინანსებთ ლარს ბანკებისათვის მცირე კომპანიებთან და მცირე მოვალეებთან შემდგომ ოპერაციებში გამოყენებისათვის. თვალსაჩინოა, რომ ეს მნიშვნელოვანი ზომებია და სხვა განვითარებად ეკონომიკებში მსგავსი ღონისძიებები უკვე მიღებულია და ამ ზომებმა ხელი შეუწყო ქვეყნებში კრედიტების დოლარზე დამოკიდებულების შემცირებას. მე ვუერთდები პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებებს საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ ეს რწმენა აბსოლუტურად გამართლებულია, თუმცა მთავრობის, კერძო სექტორის, კომპანიების მხრიდან დიდ ჩართულობასა და შრომას მოითხოვს. ძალიან კარგია, რომ სულ რაღაც გასულ კვირას, ორიოდე კვირის წინ დანიშნულმა ახალმა მთავრობამ უკვე დააანონსა თავისი გეგმები იმ ზომებთან დაკავშირებით, რომლებზეც თვეების მანძილზე ფიქრობდა და მუშაობდა. ეს იდეა შემთხვევით, ერთ დღეში არ გაჩენილა – არამედ ეს დიდი შრომის ნაყოფია, რის შედეგადაც დღეს მნიშვნელოვან რეფორმებს ვიღებთ. თუმცა ეს სულისკვეთება მომავალშიც უნდა გაგრძელდეს“,–აღნიშნა ბრუნო ბალვანერამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები