ირაკლი კობახიძე: მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა აუცილებლად დასახვეწია

“მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა არის აუცილებლად დასახვეწი“-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
“ზოგადად, ჩემი როლიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო დებულებებთან დაკავშირებით, პირადი პოზიციის გამოხატვას მოვერიდები, თუმცა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებასთან დაკავშირებული დებულება არის ის, რომელზეც პირდაპირ შემიძლია პოზიცია დავაფიქსირო. კონსტიტუციის 81-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პარლამენტის მიერ მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადებას და ამასთან დაკავშირებულ ძალიან გართულებულ პროცედურას, აუცილებლად საჭიროებს გადახედვას და დახვეწას.
ეს არის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი, რომელიც თავისი შინაარსიდან გამომდინარე, პარლამენტისა და მთავრობის ურთიერთობაზე ნეგატიურად აისახება. მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა არის აუცილებლად დასახვეწი. ამაზე მე, როგორც ექსპერტს, თავის დროზე მქონდა ძალიან მყარი პოზიცია და ბუნებრივია, ამ პოზიციაზე ვრჩები“, – განაცხადა კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ მოქმედი კონსტიტუციით, საქართველოს პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება საკმაოდ გართულებულ და დროში გაჭიანურებულ პროცედურებთან არის დაკავშირებული. ე.წ. უნდობლობის კონსტრუქციული ვოტუმის ფორმულა თავის დროზევე კრიტიკის საგანი იყო როგორც კონსტიტუციონალისტების, არასამთავრობო სექტორის, ასევე ვენეციის კომისიის მხრიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები