დავით სერგეენკო: ინფორმაცია, რომ თელავის საბავშვო ბაღების სისტემაში ბავშვების რაციონი შეამცირეს, სიმართლეს არ შეესაბამება

ინფორმაცია, რომ თელავის საბავშვო ბაღების სისტემაში ბავშვების რაციონი შეამცირეს, სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მიაწოდა.
როგორც სერგეენკომ განმარტა, რამდენიმე საბავშვო დაწესებულებაში მოხდა მენიუს ცვლილება. კერძოდ, იმ კვირაში გუფთა შეცვალეს კოტლეტით, რადგან ბავშვებს ასე ესიამოვნათ.
„უკვე დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს, კონკრეტულად რა შემთხვევასთან გვქონდა საქმე თელავის რაიონის შემთხვევაში. საბედნიეროდ, ეს ყველაფერი არ დადასტურდა. რამდენიმე საბავშვო დაწესებულებაში მოხდა მენიუს ცვლილება. კერძოდ, იმ კვირაში გუფთა შეცვალეს კოტლეტით, რადგან ბავშვებს ასე ესიამოვნათ. რაც შეეხება რძის პროდუქტების ამოღებას, ეს არ მომხდარა. როდესაც ბავშვებს ეხება საკითხი, ნებისმიერი თემა მგრძნობიარეა. ასე რომ, ერთი მხრივ მოვუწოდებ ჟურნალისტებს, მედიასაშაულებებს, ნუ შეეხებით ბავშვთა ჯანმრთელობისა და კვების თემას, ვიდრე არ დარწმუნდებით, რომ ეს ობიექტური რეალობაა.
მეორე მხრივ, ბავშვთა აღზრდის დაწესებულებებს მოვუწოდებ, ძალიან მკაცრად დაიცვან ის რეგლამენტები და რეკომენდაციები, რომლებიც მთავრობის დადგენილებითაა გაწერილი. რაც შეეხება კონკრეტულ საინფორმაციო საშუალებებს, სადაც ეს ინფორმაცია გავრცელდა, ჩემი მოქალაქეობრივი სათხოვარი იქნება, რომ ჯერ ჩაეხედათ ამ თემაში და შემდეგ დაეწერათ. ახლა კარგს იზამენ, თუ ამ ყველაფრის სწორ, ობიექტურ აღწერას გააკეთებენ და ვფიქრობ, ამ ბავშვების მშობლებს მოუხდიან ბოდიშს ამ მღელვარების გამო“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჯანდაცვისა და განათლების მინისტრებს იმ ინფორმაციის გარკვევა დაავალა, რომლის მიხედვითაც თელავის რაიონში, საბავშვო ბაღებში კვების რაციონი შემცირდა.
„გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რაციონის გადახედვა მოხდა და ამოღებული იქნა მნიშვნელოვანი საკვები სახეობები. ეს არის ალბათ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საქმე, მაგრამ მე მინდა ჯანდაცვის და განათლების მინისტრებს ვთხოვო, რომ ჩაერიონ ამ საკითხში. სრული სერიოზულობით მინდა განვაცხადო, რომ არ ვიცი, რომელ ჩინოვნიკს მოუვიდა თავში… თუ ეს რეალობაა, თუ ასეთი ჩინოვნიკი ბუნებაში არსებობს, მინდა რომ ხვალ თავის თანამდებობაზე აღარ იყოს. თუ ვინმემ ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაცია გაიგო ისე, რომ საბავშვო ბაღებში ბავშვებს რაციონი უნდა შევუმციროთ, ეს არის დანაშაულებრივი გადაწყვეტილება“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები