„თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ ევროპარლამენტის მხარდაჭერის იმედი ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით“

პრემიერ-მინისტრთან საუბარში მე გამოვხატე ჩემი ოპტიმიზმი, რომ მომდევნო დღეებში საბჭო და პარლამენტი მიაღწევენ კომპრომისულ შეთანხმებას, განსაკუთრებით უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა განაცხადა.
მარტინ შულცმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები პირისპირ გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთეს.
„ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიამ, რომელიც ჩემი კოლეგებით იყო დაკომპლექტებული, მაღალი შეფასება მისცა საარჩევნო პროცესს თქვენს ქვეყანაში. შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების საკითხები, ასევე საქართველოში მიმდინარე მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. გარდა ამისა, განვიხილეთ ქვეყნის ურთიერთობები რეგიონალურ მეზობლებთან და გეოსტრატეგიული მოვლენები. დეტალურად განვიხილეთ ვიზების ლიბერალიზაციის საკითხი და მიმდინარე მოლაპარაკებები მინისტრთა საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის. პრემიერ-მინისტრთან საუბარში მე გამოვხატე ჩემი ოპტიმიზმი, რომ მომდევნო დღეებში საბჭო და პარლამენტი მიაღწევენ კომპრომისულ შეთანხმებას, განსაკუთრებით უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით“, – განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.
შულცმა გიორგი კვირიკაშვილს მიმართა და აღნიშნა, რომ მას უნდა ჰქონდეს ევროპარლამენტის უპირობო მხარდაჭერის იმედი ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ საკითხში.
„კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ვაძლევ პრემიერ-მინისტრს გარანტიას: ჩვენ, როგორც ევროპული ინსტიტუტი, მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს პრინციპი მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება. ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ ევროპარლამენტის უპირობო მხარდაჭერის იმედი ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ საკითხში. ჩვენი შეხვედრა გაიმართა ძალიან მეგობრულ გარემოში. ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენი პირველი შეხვედრის ფარგლებში ჩვენ გვქონდა ძალიან ღია და გულახდილი აზრთა გაცვლა“, – აღნიშნა მარტინ შულცმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები