“საქართველომ მოახდინა დემოკრატიის კონსოლიდაცია, განამტკიცა კანონის უზენაესობა”
ევროკავშირის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული ასოცირების განხორციელების დოკუმენტი ცალსახად ხაზს უსვამს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და პოზიტიურად აფასებს ქართული მხარის კონსტრუქციულ მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში.
ანგარიშის თანახმად, საქართველო ასრულებს 6-პუნქტიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას.
ანგარიში პოზიტიურად აფასებს საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ მიმართულებით მიღწეულ მნიშვნელოვან წინსვლას: საქართველომ მოახდინა დემოკრატიის კონსოლიდაცია, განამტკიცა კანონის უზენაესობა და გააძლიერა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კარგად ორგანიზებულ და კონკურენტულ გარემოში, სადაც დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები. პრესის თავისუფლება გარანტირებულია არსებული სამართლებრივი ჩარჩოს საფუძველზე. დადებითად არის შეფასებული სასამართლო სფეროში გატარებული რეფორმები, რაც ხელს უწყობს სასამართლოს დამოუკიდებლობას, პროფესიონალიზმსა და ეფექტიანობას.