გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენს ქვეყანას სჭირდება გამარჯვებები, ხვალინდელი დღის იმედი

ჩვენს ქვეყანას ნამდვილად სჭირდება წარმატებები, გამარჯვებები, ხვალინდელი დღის იმედი. იმედი ამოძრავებს სწორედ ეკონომიკასაც და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ზედმეტად ნეგატიურად არ დავხატოთ ის რეალობა, რომელიც არის, რათა მეტი პოლიტიკური ქულა დავიწეროთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კვირიკაშვილმა საკუთარ გუნდს მოუწოდა, ყველაფერი პირადული გვერდზე გადადონ მნიშვნელოვანი საქმის კეთების მიზნით.
„მინდა, მივმართო ჩვენი გუნდის წევრებს: დღეს ჩვენ გვეძლევა ისტორიული შანსი, ჩავდგეთ იმ ადამიანების რიგებში, რომლებმაც ქვეყანაში ისტორიულ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთეს და ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო წინ წაწიეს. მოგიწოდებთ ყველას, ყველაფერი პირადული გვერდზე გადავდოთ და განვეწყოთ ძალიან დიდი ბრძოლისთვის. ბრძოლაში, უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, შრომას ვგულისხმობ ამ შემთხვევაში, ვინაიდან, ყველა ჩვენგანს, ვინც ეს უდიდესი ტვირთი იტვირთა საკუთარ თავზე, სრულად უნდა ესმოდეს და აცნობიერებდეს, რომ უკან მოსაბრუნებელი გზა არ არის. სხვა არჩევანი ჩვენ არ გაგვაჩნია, იმიტომ, რომ ჩვენს უკან ჩვენი სამშობლოა, ჩვენი მოსახლეობაა და ჩვენს უკან ყველა გზა ჩახერგილია.
დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას ერთად და მთელს ჩვენს ქვეყანას!“ – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები