თეა წულუკიანი: მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღას მმართველი პარტია ერთსულოვნად დაუჭერს მხარს

მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღას საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე მმართველი პარტია ერთსულოვნად დაუჭერს მხარს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში განაცხადა.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, დღეს სასამართლოს უფრო დიდი ნდობა აქვს, ვიდრე ჰქონდა 4 წლის წინ და ეს იმ რეფორმების შედეგია, რაც გატარდა ქვეყანაში.
“დღეს სასამართლოს უფრო დიდი ნდობა აქვს, ვიდრე ჰქონდა 4 წლის წინ. ეს იმ რეფორმების შედეგია, რაც ჩვენ გავატარეთ და რომლის ავტორი იყო იუსტიციის სამინისტრო. ეს, რა თქმა უნდა, არ არის საბოლოო შედეგი. საბოლოო შედეგამდე ჩვენ კიდევ ბევრი ნაბიჯი გვაქვს წინ გადასადგმელი.
პირველ რიგში, იმედი მაქვს, ეს პარლამენტი, წინა მოწვევის პარლამენტისაგან განსხვავებით, რამდენიმე დეპუტატს ვგულისხმობ მხოლოდ და მხოლოდ წინა პარლამენტიდან, ჯინში კი არ ჩაუდგება მთავრობას, მთვარობის პარტნიორი იქნება. მე ყველა ნიშანს ვხედავ, რომ უმრავლესობამ მხარი დაუჭიროს მესამე ტალღას რეფორმის, რომელიც დიდი ხანია, შემოვიტანეთ ჩვენ პარლამენტში, რომელიც დახვეწს მოსამართლეთა დანიშვნის, დაწინაურების, მივლინების წესებს, გააჯანსაღებს სასამართლოს შიგნით მდგომარეობას, საშუალებას მოგვცემს ჩვენ კანონის ფარგლებში დავეხმაროთ სასამართლოს, რომელსაც ახალი ტექნოლოგიებისა და სასერვერო უზრუნველყოფის კუთხით ყველას დახმარება სჭირდება, მათ შორის, მთვარობის, პარლამენტის, დონორების. სჭირდება, მათ შორის, თუკი არის, საბიუჯეტო სახსრები, რომ საქმეთა ელექტრონული განაწილების წესი დაინერგოს.
ტექნიკურად ჩვენ უკვე ვამზადებთ სამუშაო დავალებას, რომ შემდეგ, შესაბამისმა პროფესიონალებმა ეს პროგრამა დანერგონ. ასევე ჩვენ გვჭირდება მცირე, საშუალო და დიდი ბიზნესის თვალში, მოქალაქის თვალში, რომელსაც ედავება მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ავამაღლოთ მოსამართლისადმი ნდობა, ამ მხრივაც ჩვენ გვაქვს რეფორმის პროექტი, რომელიც სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეებისაგან განტვირთვას სასამართლოებს. მათ შორის მედიაციის დანერგვის კუთხით.
როდესაც ახალი პარლამენტი იკრიბება, მან უნდა გამოსცეს აქტი, სადაც ჩამოწერს ნუსხას წინა პარლამენტის დაწყებული პროექტებისა, რომელსაც ის გააგრძელებს. ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, ახალი მოწვევის პარლამენტი მომავალ კვირაში დაამტკიცებს ამ ნუსხას და მასში აუცილებლად იქნება მართლმსაჯულების მესამე ტალღის რეფორმა, როგორც წინა პარლამენტიდან ახალ პარლამენტში გადმოტანილი რეფორმის პროექტი, რაც იმას ნიშნავს, რომ განხილვა გაგრძელდება. არის ღიად დარჩენილი კითხვები და ბევრი ახალი დეპუტატია ამ პარლამენტში, ამიტომ მე არ გამოვრიცხავ, რომ ახალი კითხვები დარჩეს და ბევრ თემაზე დისკუსია შედგეს, მაგრამ, იმედი მაქვს, ეს ბევრ დროს არ დაგვაკარგინებს. ერთხელ და სამუდამოდ მთავრობის დიდ სურვილს და იუსტიციის სამინისტროს ავტორობით შემოტანილ რეფორმას ჩვენი, საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე მმართველი პარტია ერთსულოვნად დაუჭერს მხარს, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია მართლმსაჯულებისადმი ნდობის ამაღლების სფეროში”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები