„ვერ ვიხსენებ პატიმარს, რომელსაც უფრო მეტი დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი, ვიდრე მიხეილ სააკაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს“

„ვერ ვიხსენებ პატიმარს, რომელსაც უფრო მეტი დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი მოქალაქეებისა და ქვეყნის წინაშე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილს ან სხვა პიროვნებებს, რომლებიც დღეს ისევ აგრძელებენ თავის დანაშაულებრივ საქმიანობას ქვეყნისა და სამშობლოს წინაშე”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.
„მივესალმები მთავრობის პოზიციას დიალოგისა და პოზიტიურ რეჟიმში მუშაობის კუთხით, თუმცა არის ერთი საკითხი, რომელიც მე მინდა დავსვა კითხვის სახით, თუმცა არა ნიშნის მოგებით, მაგრამ მგონია, რომ ეს პრინციპული საკითხია, რაზეც მთავრობამ ყველა ნაბიჯი უნდა გადადგას და ყველა ქმედითი ღონისძიება უნდა გამოიყენოს შედეგის მისაღწევად. ეს ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც არიან სისხლის სამართლის დამნაშავეები, მაგრამ სახელმწიფომ დღემდე ვერ მოახერხა ამ ადამიანების მიმართ იმ სათანადო ღონისძიებების რეალიზაცია, რაც უნდა გაკეთებულიყო. მე ოთხი წლის მანძილზე ხშირად დავდიოდი საპატიმრო დაწესებულებებში ბევრ პატიმართან მქონია შეხვედრა, მაგრამ ვერ ვიხსენებ პატიმარს, რომელსაც უფრო მეტი დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი მოქალაქეებისა და ქვეყნის წინაშე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილს ან სხვა პიროვნებებს, რომლებიც დღეს ისევ აგრძელებენ თავის დანაშაულებრივ საქმიანობას თავისი ქვეყნისა და სამშობლოს წინაშე. მე გთხოვთ, რომ ეს საკითხი კიდევ წამოჭრათ“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
მისივე განმარტებით, პირები, რომლებსაც ქვეყნის წინაშე დანაშაული აქვთ ჩადენილი, მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ.
„ვფიქრობ, რომ მთავრობამ უნდა გვითხრას, რა კეთდება, რა შეიძლება გაკეთდეს და რა ნაბიჯები გადავდგათ იმისთვის, რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს და ჩვენი ქვეყნის წინაშე ვისაც აქვს დანაშაული ჩადენილი, ყველა წარდგეს სათანადო მართლმსაჯულების წინაშე“, – განაცხადა ფოფხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები