საქართველოს პრეზიდენტმა თურქმენეთში გაეროს გლობალური კონფერენციის გახსნაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქმენეთის დედაქალაქში გაეროს ეგიდით ორგანიზებულ მდგრადი ტრანსპორტის პირველ გლობალურ კონფერენციაში მონაწილეობს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, დღეს საქართველოს პირველმა პირმა, კონფერენციაში მონაწილე მაღალი დონის დელეგაციების ხელმძღვანელებთან ერთად, თურქმენეთის დამოუკიდებლობის მემორიალი გვირგვინით შეამკო, რის შემდეგაც მდგრადი ტრანსპორტის პირველი გლობალური კონფერენციის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიება გაეროს გენმდივანმა, ბან კი-მუნმა და თურქმენეთის პრეზიდენტმა, გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა გახსნეს.
„საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის კონფერენციებში მონაწილეობა, მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ ჩვენი ქვეყნის როლს, როგორც დამაკავშირებელს ევროპასა და აზიას შორის. ამ თვალსაზრისით, არაერთი საინტერესო სატრანსპორტო პროექტი იგეგმება, რომლებშიც საქართველო არის პირდაპირ ჩაბმული. ეს შეეხება ავღანეთთან მომავალ პროექტს Lapis Lazuli, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას, ახალ „აბრეშუმის გზას” და ამ მიმართულებით ჩვენი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას ყოველთვის ხაზი უნდა გაესვას. საქართველოს დელეგაცია განაგრძობს კონფერენციაში მონაწილეობას. ამავდროულად, დღეს დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ორმხრივი შეხვედრები ავღანეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტებთან და გაეროს გენერალურ მდივანთან”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა,  გიორგი აბაშიშვილმა.
თურქმენეთში გაეროს ეგიდით მიმდინარე უმაღლესი დონის კონფერენციაში მონაწილეობას 80-ზე მეტი დელეგაციის წარმომადგენელი, მათ შორის ეუთოს გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიერიც იღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები