The Wall Street Journal – „აშშ-მა საქართველოზე სასიცოცხლო ფსონი დადო“

„აშშ-მა საქართველოზე სასიცოცხლო ფსონი დადო“. ამ სათაურით სტატიას ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი აქვეყნებს.
სტატიის ავტორია აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივანი დონალდ რამსფელდი. „რუსეთის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ნატოს მიეკუთვნება,“ – წერს სტატიის დასაწყისში შეერთებული შტატების ყოფილი მაღალჩინოსანი.
რამსფელდი სტატიაში 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აფასებს: “საქართველომ დასავლური ღირებულებებისადმი ერთგულება კვლავ აჩვენა. ქართველებმა ოქტომბერში კვლავ აჩვენეს ჯანსაღი დემოკრატია, პლურალისტული საზოგადოება და ტრანსატლანტიკური საზოგადოების ღირებულებებისადმი ერთგულება. მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები 2012 წლის არჩევნების პოზიტიური შედეგების გაღრმავებას ნიშნავს ”, -ნათქვამია დონალდ რამსფელდის სტატიაში.
The Wall Street Journal-ი წერს, რომ საქართველოში არსებული ძირითადი პარტიებიდან წინასაარჩევნო პერიოდში ყველა პოლიტიკური ძალა მხარს უჭერდა საქართველოს მჭიდრო კავშირებს ევროპასა და ნატო-სთან, ასევე აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას, რაც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებს შორის უნიკალური მოვლენაა.
დონალდ რამსფელდი აღნიშნავს, რომ მასთან საუბრის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ეს პროცესი შეუქცევადია.
„რისი გაკეთება შეუძლია აშშ-ს საქართველოსთვის ამ მიღწევებისა და მისწრაფებების მხარდასაჭერად? შეერთებული შტატების მომავალმა ადმინისტრაციამ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. არც ერთი ეს ნაბიჯი მნიშვნელოვან ხარჯებს არ ითხოვს და ყველა პასუხობს ამერიკის ინტერესებს. უპირველეს ყოვლისა, უნდა გაუქმდეს ბარიერები საქართველოს ნატო-ს წევრობისკენ მიმავალ გზაზე და საქართველომ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP). საქართველოს თავისი „საწევრო“ გადახდილი აქვს. მისი მებრძოლები იდგნენ და დგანან ამერიკელებთან და ნატოს წევრი სხვა ქვეყნების სამხედროებთან ერთად ერაყსა და ავღანეთში. ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, საქართველოს კონტრიბუცია ყველაზე მნიშვნელოვანია ნატოს სხვა წევრებთან შედარებით.
გერმანიამ, რომლის მოსახლეობა 81 მილიონს შეადგენს, ავღანეთში ნატო-ს მისიაში 55 სამხედრო დაკარგა, მაშინ როდესაც საქართველომ, რომლის მოსახლეობა მხოლოდ 4,9 მილიონია, 32 თავისი მამაცი სამხედრო დაკარგა ”, – წერს სტატიის ავტორი.
დონალდ რამსფელდი მიიჩნევს, რომ ნატომ უნდა გამოიყენოს საქართველოს უნიკალური შესაძლებლობები ამ რთულ რეგიონში. “რუსეთის დივერსიული ქმედებები მას საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი, საქართველო ესაზღვრება ურჩ თურქეთს, მას აქვს კარგი ურთიერთობები მეზობელ ირანთან. ეს შესაძლებლობას იძლევა რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის და კონტრდაზვერვის ოპერაციების კუთხით”, – წერს The Wall Street Journal-ი.
რამსფელდის განცხადებით, ნატოში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რუსეთის მხრიდან გამოთქმულმა წინააღმდეგობამ ალიანსის ზოგიერთი წევრი დაარწმუნა, რომ ნატოში საქართველოს შესვლა უნდა გადაიდოს.
“ახლა მოქმედების დროა. დასავლეთის და მისი ინტერესები უსაფრთხოების ინტერესები რუსეთის უკმაყოფილების მძევლობაში არ უნდა აღმოჩნდეს,” – წერს დონალდ რამსფელდი.
აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივანი ასევე წერს, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დაბრუნებასთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიები პრაქტიკულად უშედეგოა, რუსეთი კი ამ დროს საქართველოს ტერიტორიის მცოცავ ოკუპაციას განაგრძობს.
„შეერთებულმა შტატებმა ამ საკითხების გადაჭრის აუცილებლობა უფრო მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს და უნდა მიიღოს დამატებითი ზომები, რათა რუსეთს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია ძვირი დაუჯდეს”, – აცხადებს რამსფელდი.
“დროა, აშშ-მა აღიაროს საქართველოს მნიშვნელობა და დაეხმაროს მას გახდეს რეგიონში სტრატეგიისა და დაგეგმარების აქტიური მონაწილე. საქართველო კასპიის ზღვიდან ევროპაში ძირითადი ენერგეტიკული სატრანსპორტო მარშრუტია. ის ასევე განლაგებულია ყოფილი საბჭოთა კავშირის რეგიონსა და ახლო აღმოსავლეთის ჯიჰადისტებს შორის. საქართველო უდავოდ იქნება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების ნატოს სისტემის მნიშვნელოვანი მონაწილე და ევროპაში რუსეთის ავანტიურისტული გეგმების წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ბარიერი ”, – წერს რამსფელდი.
„საქართველოზე დადებულ ფსონზე ამერიკის სასიცოცხლო ინტერესები დევს. ეს დახმარება არ არის ქველმოქმედება, ის ვაშინგტონის ინტერესებშია. საქართველოს მოსახლეობამ აჩვენა, რისი მიღწევა შეუძლია ეფექტიან მმართველობას, ძლიერ დემოკრატიას და დასავლური ღირებულებებისადმი ერთგულებას. საქართველო არის მოკავშირე, რომელიც გვჭირდება და რომელსაც უნდა მივესალმოთ და აქტიურად დავუჭიროთ მხარი” , -წერს The Wall Street Journal-ი.
ცნობისთვის, დონალდ რამსფელდი აშშ-ის თავდაცვის მდივანი 1975-1977 და 2001-2006 წლებში იყო. ამჟამად ის “რამსფელდის ფონდის” პრეზიდენტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები