მე-9 მოწვევის პარლამენტის ბიუროს პირველი სხდომა გაიმართა

დღეს, 21 ნოემბერს, ახალარჩეული პარლამენტის ბიუროს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომას პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უძღვებოდა. მან ბიუროს წევრებს პირველი პლენარული სხდომისა და საკომიტეტო სხდომების წარმატებით ჩატარება მიულოცა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის დროს, ბიურომ ცნობად მიიღო საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულებები საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე საქართველოს მთავრობისათვის მოვალეობის შესრულების დაკისრებისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე საქართველოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტის – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მიერ წარმოდგენილი გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურის წამოყენების შესახებ. ბიურომ იმსჯელა პარლამენტის წევრის, სანდრა ელისაბედ რულოვსის მიმართვაზე მისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განმარტა, აღნიშნული საკითხის განხილვა რეგლამენტის მოთხოვნათა შესაბამისად მოხდება. „როგორც მოგეხსენებათ, საკომიტეტო სხდომა შესაძლებელია ჩატარდეს განცხადების შემოსვლიდან ერთი კვირის შემდეგ და მომდევნო კვირაში, შესაბამის ვადებში, ჩვენ დავიწყებთ ამ პროცესს”,-განაცხადა გიორგი კახიანმა. ბიურომ პარლამენტის კომიტეტების პირველი საოგანიზაციო კომიტეტების სხდომების ოქმები და კომიტეტების დებულებების პროექტები დაამტკიცა. პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თხოვნით მიმართა პარლამენტის კომიტეტებს, წარმოადგინონ თავიანთი დასკვნები განხილვის პროცესში მყოფ საკითხებთან დაკავშირებით. „წინა მოწვევის პარლამენტის მიერ განხილული იყო მთელი რიგი საკითხები, რომლებიც განხილვის პროცესშია და ჩვენ გვაქვს მისაღები გადაწყვეტილებები იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი საკითხების და კანონპროექტების განხილვა უნდა გაგრძელდეს ამ მოწვევის პარლამენტის მიერ. მივმართავ თხოვნით პარლამენტის კომიტეტებს, დარგობრივი სპეციალიზაციის შესაბამისად, წარმოადგინონ დასკვნები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა განხილვის გაგრძელებაც მიზანშეწონილად მიაჩნიათ”,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სასურველია ეს საკითხები შემდეგი სასესიო კვირისთვის მომზადდეს და აქედან გამომდინარე, მან კომიტეტებს მიმართა, მომავალ ორშაბათს სხდომებზე განიხილონ ეს საკითხები და შესაბამისი დასკვნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაუგზავნონ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხვალ, პრემიერმინისტრობის კანდიდატი, გიორგი კვირიკაშვილი მინისტრობის კანდიდატების წარდგენას გეგმავს და აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, ხვალვე, 15:00 საათზე ბიუროს სხდომა გაიმართება, რის შესახებაც დაზუსტებული ინფორმაცია დამატებით გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები