„ ტრამპი პუტინისთვის საჩუქარი არ იქნება“- რა იქნება ტრამპის საგარეო პოლიტიკის პირველი ნაბიჯი?
მთელი მსოფლიო დღეს, სუნთქვაშეკრული შეჰყურებს ამერიკას, რას გააკეთებს, როგორ განვითარდება მოვლენები. ამერიკული პრესა განიხილავს, თუ რა შეიძლება იყოს ტრამპის პირველი ნაბიჯი იმ დროს, როცა, მსოფლიო ტრამპის გამარჯვებით, ისევ განცვიფრებულია.
ამასობაში კი, იქმნება გაერთიანება სახელწოდებით: „ტრამპი, არ არის ჩვენი პრეზიდენტი“. ისინი აპირებენ დიდი კოალიცია შექმნან და სერიოზული მიტინგი ჩაატარონ, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, 20 იანვარს და ამით, გამოხატონ თავისი პროტესტი.
ვიდრე ტრამპის პირველი ნაბიჯი დაამახსოვრდება მსოფლიოს, საერთაშორისო პრესა აანალიზებს, სახელმწიფო ადმინისტრაციის სავარაუდო კანდიდატებს.
„2016 წლის, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებს, ე.წ. კრიტიკულ არჩევნებს უწოდებენ საარჩევნო კამპანიის წარმოების ტექნოლოგიის თვალსაზრისით, რაც ნიშნავს იმას, რომ ტრამპმა შეძლო და მიიმხრო კონკურენტი დემოკრატიული პარტიის ამომრჩეველი“- ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გივი ამირანაშვილი.
-ბატონო გივი, როგორ ფიქრობთ, შეძლებს ტრამპი ძლიერი გუნდი შემოიკრიბოს?
-გამომდინარე იქიდან, რომ ტრამპი საგარეო პოლიტიკაში დიდი ცოდნით არ გამოირჩევა, მნიშვნელოვანია ის, თუ ვის აირჩევს მისი გუნდის წევრებად, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით.
შერჩეული კანდიდატების ბიოგრაფიისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით, შესაძლებელი გახდება მსჯელობა ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოსალოდნელი პირველი ნაბიჯების შესახებ.
რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, ვინ იქნება აშშ-ს სახელმწიფო მდივანი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივნის პოსტზე განიხილება რესპუბლიკელი მიტ რომნის კანდიდატურა. დღეს, 20 ნოემბერს ტრამპი მას პირისპირ შეხვდა, დახურულ კარს მიღმა.
მიტ რომნი, მასაჩუსეტსის ყოფილი გუბერნატორი, რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი იყო 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში და ბარაკ ობამასთან დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ტრამპმა ამის გამო მიტ რომნის ,,loser“ ანუ წამგები უწოდა. საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ მიტ რომნი გამოცდილი პოლიტიკოსია. ამასთან იგი გამოირჩევა რუსეთის მიმართ ხისტი გამონათქვამებით. მან რუსეთს ამერიკის ნომერ პირველი გეოპოლიტიკური მტერი უწოდა. იგი ასევე მხარს უჭერს ე.წ. ,,პატრიოტის აქტს“ და გუანტანამოს ციხის ფუნქციონირების მომხრე იყო.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ კანდიდატად სახელმწიფო მდივნის პოსტზე, ასევე ჯონ ბოლტონი განიხილება. ეს არის ამერიკის ყოფილი ელჩი გაეროში. მან ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ამერიკამ უკრაინას უნდა გადასცეს ლეტალური იარაღი.
სახელდება აღნიშნულ პოსტზე ასევე ნიუ იორკის ყოფილი მერის, რუდი ჯულიანის კანდიდატურა.
სულ ახლახან, ცნობილი გახდა ინფორმაცია ტრამპის მიერ განხორციელებული საკადრო დანიშვნების თაობაზე. როგორც ირკვევა, მან ამერიკის პრეზიდენტის მრჩევლის პოსტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში შესთავაზა ამერიკის არმიის გადამდგარ გენერალს მაიკლ ფლინს, რომელიც ობამას ადმინისტრაციაში მუშაობდა ამერიკის თავდაცვის დაზვერვის სააგენტოს დირექტორად 2012 წლიდან, თუმცა, მოგვიანებით, 2014 წელს გადადგა ისლამისტების მიმართ ობამას მიერ გატარებული პოლიტიკის მიუღებლობის გამო. ის გამოირჩევა ისლამის მიმართ კრიტიკული პოზიციით. აღსანიშნავია ის, რომ მაიკლ ფლინი პოლიტიკური მრწამსით დემოკრატია, თუმცა, ტრამპის გუნდში გამოჩნდა 2016 წლის თებერვალში. იგი მოელოდა, რომ ტრამპის მიერ იქნებოდა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად წამოყენებული. თუმცა, როგორც ვიცით, მის ნაცვლად მაიკლ პენსი იქნა დასახელებული.
ამ დანიშვნით, ტრამპმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ისლამისტების მიმართ აშშ-ს შეუვალი პოლიტიკა.
მეორე საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც განახორციელა ტრამპმა, არის აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის (CIA) დირექტორის პოსტზე კანზასელი რესპუბლიკელის, მაიკ პომპეოს დანიშვნა. იგი იყო წარმომადგენელთა პალატის სადაზვერვო კომიტეტის წევრი და აქტიურად იყო ჩართული ისლამისტების მიერ 2012 წელს ბენგაზში, ამერიკის დიპლომატიურ წარმომადგენლობის შენობაზე თავდასხმის გამოძიების საქმეში. იგი ხშირად აკრიტიკებდა ობამას ადმინისტრაციას იმაში, რომ სათანადოდ არ აფასებდა სამხედროებს და სადაზვერვო სამსახურის სპეციალისტების აზრს ხშირად არ იზიარებდა. პომპეო იყო აგრეთვე გუანტანამოს ციხის დახურვის წინააღმდეგი და იგი ისლამისტების მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარების მომხრეა.
როგორც ვხედავთ, აღნიშნული კანდიდატების დანიშვნით, ტრამპს განზრახული აქვს, არათუ შეარბილოს ისლამისტებისა ან თუნდაც, რუსეთის მიმართ აშშ-ს პოლიტიკა, არამედ მოსალოდნელია ამ პოლიტიკის გაძლიერება. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ ტრამპის ერთობ არათანმიმდევრული წინასაარჩევნო კამპანიისგან განსხვავებით, მისი პრეზიდენტობის პერიოდი იქნება მეტად თანმიმდევრული. ტრამპი ნამდვილად არ იქნება საჩუქარი პუტინისთვის, როგორც ეს ბევრს ჰგონია.
ამასთან, ტრამპი, ვიდრე საგარეო პოლიტიკის დალაგებას შეუდგება, მან უნდა მოაგვაროს ურთიერთობები რესპუბლიკური პარტიის შიგნით. ცნობილი ფაქტია, რომ წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან პოლ რაიანთან მას დაძაბული ურთიერთობა აქვს და საჭიროების შემთხვევაში შეიძლება, მან ტრამპის ნებისმიერი ინიციატივა დაბლოკოს. ბევრი ექსპერტი საუბროს იმაზე, რომ პოლ რაიანი შესაძლოა კარგი გაგებით ტრამპის არაორდინალური პოლიტიკის ან გადაწყვეტილების დამბალანსებელი გახდეს კონგრესში.
ვიცით ასევე, რომ ვიცე-პრეზიდენტი არის მაიკლ პენსი, ინდიანას ყოფილი გუბერნატორი, რომელიც არ ეთანხმება ტრამპს ზოგიერთ რამეში, მათ შორის სავაჭრო ურთიერთობებთან მიმართებაში ჩინეთთან, ემიგრანტების გაძევებასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ ტრამპმა ბოლო დღეებში აქტიურად დაიწყო რესპუბლიკური პარტიის შიგნით აქტიური კონსულტაციები. განსაკუთრებით ყურადსაღებია საგარეო პოლიტიკის ,,მძიმეწონოსანთან“, ჰენრი კისინჯერსთან მისი შეხვედრა ხუთშაბათს. ამან აშკარა გახადა ტრამპის სერიოზული ზრახვები აშშ-ს საგარეო პოლიტიკის გააქტიურების თაობაზე. იგი ასევე შეხვდა იმ რესპუბლიკელებსაც, რომლებთანაც, რბილად რომ ვთქვათ, ნელ-თბილი ურთიერთობა ჰქონდა მანამდე და ხშირად ერთმანეთის მიმართ კრიტიკასაც არ იშურებდნენ.
აღნიშნული ნაბიჯი კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ ამით ტრამპი ცდილობს რესპუბლიკური პარტიის ერთიანობას გაუსვას ხაზი და მიაღწიოს კონგრესის მხარდაჭერას, როგორც საკადრო, ასევე საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში.
-შესაძლებელია თუ არა, უახლოეს მომავალში, ამერიკის საგარეო პოლიტიკაში, მოხდეს რადიკალური ცვლილებები?
-ჩემი აზრით, ამერიკის საგარეო პოლიტიკაში პირველი 6 თვე, იქნება მოლოდინისა და დაკვირვების ეტაპი. როგორც ვიცით, თებერვალში დანიშნული ნატოს სამიტი გადაიდო. ამით, მეტი დრო მისცეს ამერიკის ახალ პრეზიდენტს, სიტუაციაში გარკვევისა. არც გადატვირთვის პოლიტიკას ველოდები რუსეთთან მიმართებაში, ვინაიდან, როგორც მაკკეინმა განაცხადა, სწორედ ამ გადატვირთვის პოლიტიკას მოჰყვა უკრაინაში რუსეთის შეჭრა და სირიის პრობლემები.
ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ამერიკის საგარეო პოლიტიკა უკრაინაში, რადგან ეს აუცილებლად აისახება საქართველოზე. არ ველოდები აშშ -ს პოლიტიკის გაუარესებას საქართველოსთან დაკავშირებით, პირიქით, საქართველოს მხარდამჭერი ბევრი რეზოლუცია, რომელიც მიიღეს კონგრესში, ინიცირებული იყო რესპუბლიკელი კონგრესმენების მიერ. რუსეთის საგარეო პოლიტიკა კი, ამ ეტაპზე ძირითადად მიმართულია, უშუალოდ უკრაინასა და სირიაში.
უფრო მეტიც, ვფიქრობ, რომ მოსალოდნელია უფრო ხისტი გახდეს ამერიკის საგარეო პოლიტიკა რუსეთის მიმართ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დასრულების წინა პერიოდში, ვინაიდან, მეორე საპრეზიდენტო ვადით არჩევის სურვილის შემთხვევაში, მას მოუწევს წინასაარჩევნო კამპანიის ხასიათიდან გამომდინარე, მკვეთრი განცხადებების გაკეთება და ნაბიჯების გადადგმა რუსეთთან დაკავშირებით.
-ქართველი პოლიტოლოგები აცხადებდნენ, – ტრამპის გამარჯვება განაპირობა იმან, რომ ამერიკელებს მრავალფეროვნება მოენატრათ..
–არავითარ მრავალფეროვნებაზე საუბარი არ არის. მიუხედავად ტრამპის არაორდინალური განცხადებებისა, მან აბსოლუტურად სწორი აქცენტები გააკეთა.
საერთოდ უნდა ითქვას, რომ ამერიკელი ამომრჩეველი ძირითადად აქცენტს აკეთებს სამ ძირითად ღირებულებაზე: თავისუფლება, თანასწორობა და წესრიგი. დემოკრატებისთვის პირველ ეტაპზე დგას თანასწორობა, მაგრამ მათ შეუძლიათ თუ გახდა საჭირო თავისუფლება შეზღუდონ თანასწორობის გამო, მაგრამ არავითარ შემთხვევაში წესრიგის გამო.
რესპუბლიკელებისთვის, მთავარია თავისუფლება, შემდეგ წესრიგი და მერე თანასწორობა, ანუ მათ შეუძლიათ თავისუფლება შეზღუდონ, მხოლოდ წესრიგის გამო. პარალელები რომ გავავლოთ. ორივე კანდიდატმა აქცენტი გააკეთა ეკონომიკის გაჯანსაღებაზე. ტრამპმა მეორე ადგილზე დააყენა ტერორიზმი და მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა, ანუ წესრიგი, რომელიც არსებითად გულზე მოხვდა ამერიკელ ამომრჩეველს. კლინტონმა კი, ეკონომიკის შემდეგ, მთავარ ამოცანად საგარეო პოლიტიკა დაასახელა. უნდა ითქვას, რომ ამერიკელი ამომრჩეველის დიდმა ნაწილმა, ხშირ შემთხვევაში არ იცის, როგორი შეიძლება იყოს ამერიკის საგარეო პოლიტიკა.
ამასთანავე, სირიაში გამწვავებულმა სიტუაციამ და რუსეთის აგრესიულმა პოლიტიკამ კლინტონი ომის კანდიდატად, ხოლო ტრამპი მშვიდობის მომხრე კანდიდატად წარმოაჩინა და ამით, ხელი შეუწყო ტრამპის გამარჯვებას.
ყოველივე ამან ერთგვარი მუხტი მისცა ამერიკელებს, რომ ყურადღება ტრამპზე გადაეტანათ.
ნინო ცხვარაშვილი სპეციალურად „კვირა“-სთვის