ნორა კვიციანი: მე ვიყავი სააკაშვილის და მისი გუნდის მძევალი

„მე ვიყავი სააკაშვილის და მისი გუნდის მძევალი. ეს იყო პოლიტიკური დაკავება“, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ნორა კვიციანი-არღვლიანმა განაცხადა, რომელმაც სასჯელაღსრულების დაწესებულება პოლიტპატიმრის სტატუსით 2012 წლის 6 ნოემბერს დატოვა.

„დამაკავეს 2006 წელს და 2012 წლამდე ვიყავი საპატიმროში, ბრალად მედებოდა იარაღის უკანონო შენახვა, უკანონო ფორმირებების შექმნა, ჰუმანიტარული დახმარების მითვისება. სახლის ჩხრეკის დროს სახლში იარაღი იპოვეს ისე, რომ მე ის არ მქონია. მითვისებას რაც შეეხება, ეს იყო სრული სიცრუე.
მე ვიყავი სააკაშვილის და მისი გუნდის მძევალი, კოდორის ხეობის ჩაბარების ინტერესი ჰქონდა, ეს იყო პოლიტიკური დაკავება.
კოდორის სახლი დამიყადაღეს. ჩემი შვილის გულისთვის მე მძევლად ამიყვანეს 21-ე საუკუნეში“, – განაცხადა ნორა კვიციანი – არღვლიანმა.
პროკურატურამ განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო და ახლად გამოვლენილი გარემოებები გამოარკვია ნორა არღვლიანის საქმეზე.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ნორა არღვლიანს სამართალდამცავებმა თავისუფლება აღუკვეთეს უკანონოდ და მას ბრალდება წარუდგინეს ყალბი მტკიცებულებების საფუძველზე. 2006 წლის 25 ივლისს, კოდორში განვითარებული მოვლენების დროს, ბატალიონ „მონადირის“ ხელმძღვანელის, ემზარ კვიციანის და მისი თანამებრძოლების დაკავების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული დანაყოფები შევიდნენ კოდორის ხეობაში, სადაც ნათესავებთან ერთად იმყოფებოდა ემზარ კვიციანის და ნორა არღვლიანი, რომელსაც არანაირი წინააღმდეგობა სამართალდამცავებისთვის არ გაუწევია. მიუხედავად ამისა, ნორა არღვლიანის ადგილობრივი მოსახლეობის და კოდორისგან ჩამოცილების და გაქცეულ ემზარ კვიციანზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით, სამართალდამცავებმა გადაწყვიტეს ნორა არღვლიანის შეპყრობა. კოდორის ხეობის დაკავებიდან მეორე დღეს, 27 ივლისს, შს სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს ნორა არღვლიანს და ყოველგვარი დაკავების ოქმის შევსებისა და სამართლებრივი პროცედურების დაცვის გარეშე, მისი უფლებების უხეში დარღვევით, იგი გადაიყვანეს თბილისში, მოდულის შენობაში და მხოლოდ 29 ივლისს, მისი შეპყრობიდან 2 დღის შემდეგ, დაიწყეს ყალბი მტკიცებულებების შექმნით, პროცესების სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები