ამერიკის საელჩო: სააკაშვილის გუშინდელი განცხადება მცდარია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან გაკეთებული განცხადება მცდარია, – ამის შესახებ “აიპრესს” საქართველოში ამერიკის საელჩოს წარმომადგენელმა განუცხადა.

ამერიკის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტში აცხადებენ, რომ 2003 წლის არჩევნებთან დაკავშირებით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეშფოთება თავიდანვე გამოთქვა. კონკრეტულად კი საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველომ ამერიკისა და ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულა.

„ეს განცხადება, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან გაკეთდა არის მცდარი. 2003 წლის 3 ნოემბერს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა შეშფოთება გამოხატა. ასე გაგრძელდა ხმების დათვლის მთლიანი პროცესის განმავლობაში.

როგორც კი საბოლოო შედეგი გამოქვეყნდა ამერიკულ მხარეს ჰქონდა მაღალი დონის საუბრები საქართველოს მთავრობასთან იმ საჭიროებების შესახებ, რომ არჩევნებთან დაკავშირებული პრობლემები გამჭვირვალედ გადაჭრილიყო.

19 ნოემბერს დაიწყო შედეგების გამოცხადება, მაშინვე გააკეთა განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა და გამოხატა უკმაყოფილება. 21 ნოემბერს აშშ-ის მთავრობამ გამოაცხადა ოფიციალური განცხადება, რომლის ტექსტიც სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე დღესაც დევს. ტექსტში წერია, რომ აშშ იმედგაცრუებულია საქართველოში ჩატარებული 2 ნოემბრის არჩევნებით, რომელმაც ვერ გაამართლა საქართველოს მთავრობის მიერ აღებული ვალდებულებები აშშ-ისა და ეუთოს წინაშე. ხმების დათვლის დაგვიანებამ და შედეგების მანიპულირებამ გამოაშკარავა ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საქართველოს მთავრობის მხრიდან ხალხის ნების უგულებელყოფა.

2003 წლის 13 ნოემბერს ეუთოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, დუგლას დავიდსონმა თავის განცხადებაში მოუწოდა საქართველოს მთავრობას, რომ მათ უზრუნველეყოთ, რომ ხმის მიცემა ჩატარებულიყო საერთო საარჩევნო კოდექსით და ის ეუთოსთან და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში ყოფილიყო. ეუთოს განცხადებაც დევს ორგანიზაციის ვებ-გვერდზე“, – განაცხადეს ამერიკის საელჩოში „აიპრესთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თვის მიცემულ ინტერვიუში ხმაურიანი განცხადება გააკეთა. სააკაშვილის თქმით, 2003 წელს ამერიკის მაშინდელი ელჩი რიჩარდ მაილსი გაყალბებული არჩევნების აღიარებას სთხოვდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები