დედაქალაქი მერიის 2017 წლის ბიუჯეტში საპრემიო ფონდი – 9,3 მილიონი ლარით მცირდება

2017 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი საკრებულოში დადგენილ ვადაში გადაიგზავნება, – ამის შესახებ “კვირას” თბილისის მერიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, მომავალი წლის პრიორიტეტებად მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება, საგზაო ინფრასტრუქტურა, გამწვანება და განათლება განისაზღვრა. მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით 2017 წელს 62 მლნ. ლარზე მეტი დაიხარჯება, რაც გასულ წელთან შედარებით, თითქმის გაორმაგებული ოდენობის თანხაა. ამასთან, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, აღდგენისა და მოვლა-შეკეთებისთვის 2017 წელს გასული წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან (78,7 მლნ) შედარებით, დედაქალაქის მერია 6,8 მლნ. ლარზე მეტს დახარჯავს. (85,5 მლნ).
რაც შეეხება გამწვანებას, ამ მიმართულებითაც 2017 წლის ბიუჯეტი 3 მლნ. ლარზე მეტით იზრდება.
განათლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობის ნაწილში კი წინა წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, 15 მლნ. ლარზე მეტია ზრდა – დასრულდება 10 დაწყებული ბაღის მშენებლობის პროცესი და დაიწყება 8 ახალი ბაღის მშენებლობა.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, კიდევ უფრო მეტად მცირდება ადმინისტრაციული ხარჯები, კერძოდ 16,1 მლნ. ლარით, მათ შორის, მკვეთრად – 9,3 მლნ. ლარით შემცირდება საპრემიო ფონდი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები