საპატრიარქო ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები ბრიუსელიდან სამშობლოში დაბრუნდნენ. როგორც „კვირას“ საპატრიარქოდან აცნობეს, ვიზიტი გაცნობითი ხასიათის იყო და მაღალ დონეზე ჩაიარა.
აღმოჩნდა, რომ ნატოშიც და ევროსტრუქტურებშიც არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ საქართველოს ეკლესიის შესახებ და ჩვენც მათ პოლიტიკასთან მიმართებაში, რიგ თემებთან დაკავშირებით, არასწორი წარმოდგენა გვქონდა. მაგალითად, საქართველოში სასწავლო დაწესებულებებიდან ამოღებულია რელიგიის სწავლება და ვითომდა, დასავლური პოლიტიკიდან გამომდინარე, იკრძალება რელიგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე საუბარი. ევროკავშირის ქვეყნებში კი ეს საგანი სხვადასხვა ფორმით არის შეტანილი, იმის მიხედვით, თუ სად რა მოთხოვნილებაა. მაგალითად ბელგიაში, სადაც სახელმწიფო აღიარებს რამდენიმე მიმდინარეობას – კათოლიციზმს, მართლმადიდებლობას, ლუთერანობას, იუდაიზმსა და ისლამს, სახელმწიფო ხელს უწყობს და ფინანსურად უზრუნველყოფს ნებისმიერი ამ აღმსარებლობის მქონე მოსწავლის თუ სტუდენტის სურვილს, მიიღოს რელიგიური განათლება. ჩვენთან კი პრობლემებს ქმნიდნენ.
საქართველოში, როგორც ცნობილია, გარკვეული ძალები ეწინააღმდეგებიან ოჯახის, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის განმსაზღვრელი პუნქტის ჩაწერას კონსტიტუციაში, იმ მოტივით, თითქოს ეს ევროინტეგრაციის პროცესს შეუშლის ხელს. უმაღლესი დონის არაერთ შეხვედრაზე ცალსახად ითქვა, რომ არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტში და თვით ზეპირ თუ წერილობით რეკომენდაციაშიც კი არასოდეს ყოფილა მინიშნებული ერთნაირსქესიანთა ქორწინების ხელშეწყობა, რომ ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში განისაზღვრა ოჯახი, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა და ეს არის ევროკავშირის სტრუქტურებისთვისაც სრულიად მისაღები მდგომარეობა.
რაც შეეხება ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს გაწევრიანების საკითხთან მიმართებაში საპატრიარქოს წარმომადგენელთა აზრს, მათ განაცხადეს, რომ ეს მოსახლეობის გადასაწყვეტია. ეკლესია პატივს სცემს ხალხის არჩევანს და მიიჩნევს, რომ უმთავრესია:
ა) საქართველო იყოს დამოუკიდებელი;
ბ) აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა;
გ) ქვეყნის განვითარება მოხდეს ტრადიციული ფასეულობებისა და ღირებულებების გათვალისწინებით.
ამასთან, საქართველოს ეკლესიისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ყველა სახელმწიფოსთან ჰქონდეს ჩამოყალიბებული, მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები