სასამართლომ ალექსი პეტრიაშვილის დაჭრაში ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სასამართლომ ალექსი პეტრიაშვილისთვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ხარისხის დაზიანების მიყენებაში ბრალდებულს 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ლევან მექვაბიშვილი დამნაშავედ სცნო ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით ალექსი პეტრიაშვილისთვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ხარისხის დაზიანების მიყენებაში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ და მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით. ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

როგორ უწყებაში განმარტავენ, გამოკვლეული მტკიცებულებებით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2016 წლის 26 თებერვალს, დაახლოებით 11:50 საათზე, ქ.თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ძმათა სასაფლაოზე ლევან მექვაბიშვილი და გამოძიებით დაუდგენელი პირი თავს დაესხნენ ალექსი პეტრიაშვილს და განსაკუთრებული სისასტიკით, ჯგუფურად, მეტალის ჩაქუჩითა და ე.წ. „ბეისბოლის ჯოხით“ სცემეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლის შედეგად სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენეს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

„სამართალდამცველებმა ლევან მექვაბიშვილი 2016 წლის 6 მარტს ქ.ბორჯომში დააკავეს. ლევან მექვაბიშვილის თანმხლები, დაუდგენელი პირის მიმართ საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და მიმდინარეობს გამოძიება. საქმეზე გამოძიება დაიწყო 2016 წლის 26 თებერვალს, ხოლო სასამართლოში საქმის განხილვა 2016 წლის 15 ნოემბერს დასრულდა. საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა 110 პირი, გამოკვლეული იქნა არაერთი ექსპერტიზის დასკვნა, ნივთიერი მტკიცებულებები. გარდა ამისა, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები, ასევე, სათვალთვალო ვიდეოკამერებზე დაფიქსირებული ჩანაწერები. თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან მექვაბიშვილი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩადენილი ჯგუფურად) და მე-7 ნაწილის „ბ“ (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, -აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები