ლერი ხაბელოვი ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიო ასოციაციის ორდენით დაჯილდოვდა
ლერი ხაბელოვი ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიო ასოციაციის (ANOC) ორდენით დაჯილდოვდა.
ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციის უმაღლესი ჯილდო. ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, ლერი ხაბელოვთან ერთად ANOC-ის ორდენით კიდევ სამი ქვეყნის წარმომადგენელი დაჯილდოვდა. ორდენების გადაცემის ცერემონია გაიმართა დღეს 15 ნოემბერს, ყატარის დედაქალაქ დოჰაში, მიმდინარე ANOC-ის 21-ე გენერალურ ასამბლეაზე.
დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი შეიხი აჰმედ ალ-ფაჰად ალ-აჰმედ ალ-საბაჰი, ასევე ყატარის სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირები. ANOC-ის 21-ე გენერალურ ასამბლეაში მსოფლიოს 206 ქვეყნის 1000-მდე დელეგატი მონაწილეობს.