ბადრი მაისურაძე ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, ოპერისა და ბალეტის თეატრის დასს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი – ბადრი მაისურაძე წარუდგინა.
როგორც კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბადრი მაისურაძე დაიბადა  1966 წლის 13 ნოემბერს თბილისში; დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. მოგვიანებით, სწავლა განაგრძო მილანსა და მოსკოვში. 1990 წელს შედგა მისი დებიუტი თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში, ოთარ თაქთაქიშვილის ოპერაში „მინდია“. იგი ფრანსისკო ვინიასის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსისა (ესპანეთი) და ბიორლინგის სახელობის ვოკალისტთა კონკურსის (შვედეთი) გამარჯვებულია.
ბადრი მაისურაძე 1989 წელს თბილისის ზ. ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი გახდა, ხოლო, 1994 წლიდან მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტია. 2002 წლიდან იგი გალინა ვიშნევსკაიას სახ. საოპერო ცენტრის პროფესორია. რეგულარულად ატარებს მასტერკლასებს გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთში, კანადასა და ავსტრალიაში.
ბადრი მაისურაძე სხვადასხვა პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრია: ბუსეტოს საერთაშორისო კონკურსი „ვერდის ხმები“, პარიზის ბელინის სახელობის კონკურსი, გალინა ვიშნევსკაიას სახ. ვოკალისტთა კონკურსი, მელბურნის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი, რიკარდო ზანდონაის სახ. ახალგაზრდა ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი, ფლავიანო ლაბოს სახ. საერთაშორისო კონკურსი და სხვა.
ბადრი მაისურაძე ბუსეტოს ვერდის სახელობის თეატრისა და სეულის ოპერის თეატრის კონსულტანტი, ასევე მსტისლავ როსტროპოვიჩის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალისა და ART FESTIVAL-ის (პრაღა და უმბრია) მენეჯერია.
ტენორის საერთაშორისო კარიერა 1993 წელს დაიწყო – ლიეჟის ოპერის თეატრში შეასრულა ცრუ დიმიტრის როლი, მუსორგსკის ოპერაში „ბორის გოდუნოვი“. მას შემდეგ, თანამშრომლობს მსოფლიოს ისეთ წამყვან თეატრებთან, როგორიცაა: ბერლინის Deutsche Opera („ტრუბადური“, „აიდა“, „ნაბუქო“), ვენის შტაატსოპერა („ტოსკა“), მილანის ლა სკალა („მაზეპა“), ფლორენციის Teatro Comunale („მადამ ბატერფლაი“, „ქალიშვილი დასავლეთიდან“), მადრიდის Teatro Real („აიდა“, „ერნანი“, „მცენსკის მაზრის ლედი მაკბეტი“) და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები