აჭარაში პროექტის – „ფესტივალების ორგანიზება და მართვა“ წარდგინება გაიმართება

 15 ნოემბერს, 11:30 საათზე, აჭარაში პროექტის „ფესტივალების ორგანიზება და მართვა“ წარდგინება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, პროგრამა ხორციელდება ბრიტანეთის საბჭოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობის საფუძველზე. ეს არის მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის შედეგი, რომელიც საშემსრულებლო ხელოვნების ხელშეწყობის პროგრამით დაიწყო.61cc4fcf1b9c4bc88da7b4558d66
პროექტის ოფიციალურ წარდგინებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრთან ერთად ბრიტანეთის საბჭოს რეგიონული დირექტორი, ენდი უილიამსი დაესწრება, რომელიც ჯერ ბათუმში, მერე კი თბილისში შეხვდება ხელისუფლების წარმომადგენლებს, პარტნიორებს და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებს.
„იმის გათვალისწინებით, რომ ფესტივალების მენეჯმენტი აღსავსეა გამოწვევებით და დაგეგმვის, მენეჯმენტის თუ ფონდების მოზიდვის საფუძვლიან ცოდნასა და თანამედროვე მიდგომებს მოითხოვს, ჩვენ მოვახდინეთ იდენტიფიცირება ამ სფეროში არსებული გამოწვევებისა და საჭიროებებისა, რომლებიც განსაკუთრებით საყურადღებოა აჭარის რეგიონისთვის, მათ შორის ადგილობრივ პრაქტიკოსთა, ფესტივალებით დაინტერესებულ და ჩართულ მხარეთა საჭიროებები“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.
პროექტის პირველ ეტაპზე ფესტივალების მენეჯმენტის წამყვანი ბრიტანული ორგანიზაციის – Festivals and Events International- დირექტორი, ნიკ დოდსი, შეხვდება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედი ფესტივალების წარმომადგენლებს, შეისწავლის არსებულ მდგომარეობას, გააანალიზებს საჭიროებებს და ჩაატარებს ვორკშოპს თემაზე – საფესტივალო სექტორის გამოწვევები და სექტორთაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობა. აღნიშნული სამუშაო ვიზიტის განხორციელების შედეგად ბრიტანელი ექსპერტი ნიკ დოდსი მოამზადებს აჭარაში საფესტივალო სექტორის საჭიროებათა შეფასებისა და განვითარების რეკომენდაციების დოკუმენტს, რომელიც საფუძვლად დაედება ფესტივალების მენეჯმენტის პროგრამის სამოქმედო გეგმას 2017 წლისთვის.
ბათუმს აქვს დიდი პოტენციალი იქცეს შავი ზღვის სანაპიროს მსხვილ საფესტივალო ქალაქად და ამავე სტატუსით მოახდინოს პოზიციონირება მსოფლიო კულტურის რუკაზე. ეს გვიხსნის საერთაშორისო დონის თანამშრომლობის მეტ შესაძლებლობებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან, თურქეთთან, უკრაინასთან, და ასევე ბალკანეთთან და ევროკავშირთან.
აჭარა წლების მანძილზე უკვე მასპინძლობს არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივ ფესტივალს – ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალი, შავი ზღვის ჯაზფესტივალი, ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი, ბათუმის ეზოს ამბები და სხვა.
„სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ამ ფესტივალების უცხოელ და ადგილობრივ სტუმრებს შევთავაზოთ როგორც საერთაშორისო დონის და უმაღლესი ხარისხის კულტურული პროდუქცია, ასევე მომსახურება, ამისთვის კი საჭიროა შესაბამისი ცოდნა და უნარები, რომელთა განვითარებაში, ვიმედოვნებთ, ჩვენი პროგრამა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს“, – ამბობენ ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები