„ ხაზარაძე-რუხაძის ალიანსს სასამართლოს დაშანტაჟების მეტი არგუმენტი არ დარჩა“

ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის პრესსამსახური ტელეკომპანია “იმედის” ეთერში კვირას გასულ სიუჟეტს ეხმაურება, სადაც საუბარია სასამართლო დავაზე, რომელიც ფოთის წისქვილკომბინატს ეხება.
“კვირა„ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“გუშინ ტელეკომპანია “იმედმა” ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა სასამართლო დავას, რომელიც ფოთის წისქვილქარხნის გარშემო წლებია მიმდინარეობს.
ტელეკომპანია უკვე მერამდენედ ცდილობს სასამართლო პროცესის წინა დღეს ფაქტების გამიზნული გაყალბებით ზეწოლა მოახდინოს სასამართლოზე.
სამწუხაროდ, ტელეკომპანია “იმედი” გამონაკლისი არ არის – თვეებია ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ მედიაში მისი დისკრედიტაციის მიზნით დაფინანსებული კამპანია მიმდინარეობს.
არადა, საკითხი ბანალურად მარტივია: 2010 წელს სააკაშვილის რეჟიმისაგან დევნილმა ვანო ჩხარტიშვილმა თავი დიდ ბრიტანეთს შეაფარა, მისი აქტივები კი მოძალადე რეჟიმმა მიისაკუთრა. მათ შორის იყო ფოთის წისქვილქარხანა. ამ აქტივის მითვისებაში 2010 წელს პროკურტურასთან, შსს-სთან და ნოტარიუსად ქცეულ სასამართლოსთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ რეჟიმთან გარიგებაში მყოფი კერძო იურიდიული და ფიზიკური პირები. დღეს ამ დანაშაულებრივი სქემის მონაწილე სუბიექტები: “თი ბი სი ბანკი”, ბიზნესმენები მამუკა ხაზარაძე და კოკი ოსიპოვი, არ გააჩნიათ რა სამართლებრივი არგუმენტები და არ გააჩნიათ რა სიმართლე, მედიიდან ცდილობენ დააშანტაჟონ სასამართლო სისტემა და მოსამართლეებს ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მათთვის სასურველი გადაწყვეტილება მიაღებინონ.
ბოლო დროს ამ კამპანიაში აქტიურად ჩაერთო პატარკაციშვილის ქვრივის ნდობით აღჭურვილი ირაკლი რუხაძე. ვანო ჩხარტიშვილსა და პატარკაციშვილებს შორის მიმდინარე სასამართლო დავიდან გამომდინარე, მან ალიანსი შეკრა მამუკა ხაზარაძესთან და პატარკაციშვილების საკუთრებაში მყოფი “იმედი” საკუთარ და ხაზარაძის პროპაგანდისტულ ბიუროდ აქცია, ზოგიერთი ჟურნალისტი კი პროპაგანდისტული მანქანის რუპორად. ცილისმწამებლურ კამპანიაში მონაწილე თითოეული ასეთი ჟურნალისტის მიმართ ჩვენ დავაყენებთ ფინანსური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს.
ვანო ჩხარტიშვილი არ ყოფილა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ბიზნესების დარეკეტების ერთადერთი მსხვერპლი, ხოლო თი ი სი ბანკი მხოლოდ ამ საქმეში მონაწილე. ჩვენ სასამართლოს გზით ვცდილობთ სამართლიანობის აღდგენას და ყველა დაზარალებულს მოვუწოდებთ ასე მოიქცნენ, რადგან ვერც შანტაჟი და ვერც ამგვარი კამპანიები ვერ გაათეთრებს წარსულის ძალადობასა და ვერ შეაჩერებს საქართველოში სამართლიანობის აღდგენის შეუქცევად პროცესს” , – ნათქვამია ბიზნესმენის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები